workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი vs რონალდუ – ტიტანების ბრძოლა ბრუნდება

მესი vs რონალდუ – ტიტანების ბრძოლა ბრუნდება

ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ წილისყრაზე გაირკვა, რომ ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონა” და ტურინის “იუვენტუსი” ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ თანამედროვეობის ორ უდიდეს ფეხბურთელს, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს, მოედანზე ერთმანეთის პირისპირ კიდევ ერთხელ, საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ვიხილავთ. 

რონალდუს მადრიდის “რეალიდან” წასვლის შემდეგ “ბარსას” წინააღმდეგ არ უთამაშია. “იუვეს” შემადგენლობაში, ის ჩემპიონთა ლიგას ჯერ მეოთხედფინალში, შემდეგ კი მერვედფინალში გამოეთიშა, “ბლაუგრანასთან” შეხვედრის დიდი შანსი კი ნამდვილად არ ჰქონია – როგორც წესი, ჯგუფური ეტაპის წილისყრაზე ორივე გუნდი პირველ კალათში იყო და 1/8-ფინალსაც ორივე პირველადგილოსნის რანგში ხვდებოდა. 

მესისა და რონალდუს დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე აქამდე არ გვიხილავს, რადგან ერთი ქვეყნის კლუბების ერთად მოხვედრა დაუშვებელია, პლეიოფში კი არგენტინელი და პორტუგალიელი შემტევები ერთმანეთს 5-ჯერ, არც ისე ახლო წარსულში შეხვდნენ. 

2007/08 წლების სეზონში, “ბარსელონა” ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში “მანჩესტერ იუნაიტედს” შეხვდა, სადაც ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული რონალდუს გუნდი აღმოჩნდა. 

მომდევნო სეზონში, ეს კლუბები ერთმანეთს ამჯერად ფინალში შეხვდნენ და “ბარსამ” შურისძიება მოახერხა: მატჩი კატალონიელების გამარჯვებით 2-0 დასრულდა, 2-დან ერთი გოლი კი ლეო მესიმ გაიტანა. 

მესი-რონალდუს მორიგი შეხვედრა 2011 წლის ნახევარფინალში შედგა, როცა კრიშტიანუ უკვე მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავდა. ორი მატჩის ჯამში “ბარსამ” 3-1 გაიმარჯვა, მესიმ კი გატანა კიდევ ერთხელ შეძლო. 

წლევანდელ ჯგუფურ ეტაპზე მესისა და კრიშტიანუს დაპირისპირება 2-ჯერ გაიმართება და UEFA-ს გადაწყვეტილებით, ტურნირის ამ ეტაპზე მოედანზე გულშემატკივრების მისვლა უკვე შესაძლებელი იქნება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში