მადრიდის ”რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”უეფამ” მოურინიოს 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.
შეგახსნეებთ, რომ “უეფას” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველი შეხვედრის შემდეგ, სადაც “რეალმა” უმასპინძლა “ბარსელონას” და შეხვედრა 0:2 დათმო, ჟოზე მოურინიომ ღიად დაადანაშაულა “უეფა” “ბარსელონას” დახმარებაში და მწვავე კრიტიკა მოაყოლა ასევე “იუნისეფსა” და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას.
როგორც ჩანს, “უეფას” დისციპლინარულმა კომიტეტმა გადახედა ზემოთ აღნიშნულ საქმეს და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: მადრიდის “რეალის” დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო, მიიღებს 5 მატჩიან დისკვალიფიკაციას “უეფას” ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე. აღნიშნული 5 მატჩიდან მოურინიომ ერთი უკვე გამოტოვა (საპასუხო ნახევარ-ფინალური შეხვედრა, რომელიც ”კამპ ნოუზე” გაიმართა). ასე რომ, მომდევნო სეზონში, პირველი 4 შეხვედრის ჩატარება “ლოს ბლანკოსს” მთავარი მწვრთნელის გარეშე მოუწევს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მადრიდელები იტყობინებიან, რომ ”უეფას” გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.



