დღეს ცნობილი გახდა, რომ 1 მარტს გასამართ “ელ კლასიკოს” გამოცდილი მსაჯი ანტონიო მატეუ ლაოსი განსჯის.
ანტონიო მიგელ მატეუ ლაოსი 42 წლის ვალენსიელი არბიტრია, რომელიც 1999 წლიდან მსაჯობს. პრიმერა დივიზიონში მსაჯობის უფლება მან 2008 წელს მოიპოვა, 2011 წლიდან კი ლაოსი FIFA-ს არბიტრია.
მატეო ლაოსს “რეალის” შეხვედრაში 38-ჯერ უმსაჯია. მადრიდელებმა 26 მოიგეს (68%), 5 ფრედ დაასრულეს (13%) და 7 წააგეს (19%), მიიღეს 88 ყვითელი და 4 წითელი ბარათი.
“ბარსელონამ”, ლაოსის მონაწილეობით გამართული 37 თამაშიდან 26 მოიგო (70%), 8 ფრედ დაასრულა (22%) და 3 წააგო (8%). კატალონიელებმა 83 ყვითელი და 6 წითელი ბარათი მიიღეს.
“ელ კლასიკოში” ლაოსს 4-ჯერ უმსაჯია. აქედან 2-ჯერ “რეალმა” მოიგო, ერთხელ “ბარსამ”, ხოლო 1 მატჩი ფრედ დასრულდა.
ლაოსის პირველი “კლასიკო” 2012 წლის 29 აგვისტოთი თარიღდება. ესპანეთის სუპერ თასზე, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული მატჩის მე-18 წუთზე “რეალი” უკვე 2-0 იგებდა, ხოლო 27-ე წუთზე ადრიანომ წითელი ბარათი მიიღო. 44-ე წუთზე, 10 კაცით მოთამაშე “ბარსამ”, მესის გოლით, ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა.
2014 წლის 16 აპრილს, ესპანეთის თასის ფინალში, “კამპ ნოუზე”, ისევ “რეალმა” მოიგო და ამჯერადაც 2-1. დი მარიას გოლს ბარტრამ უპასუხა, მაგრამ 85-ე წუთზე ბეილმა გაიტანა და თასი მადრიდელებს დარჩათ.
2015 წლის 22 მარტს, “კამპ ნოუზე” გამართულ ლა ლიგის მატჩში, ჟერემი მატიესა და ლუის სუარესის გოლებით, “ბარსამ” 2-1 მოიგო.
ბოლოს კი ლაოსმა “კლასიკოში” 2019 წლის 6 თებერვალს, ესპანეთის თასზე იმსაჯა, როდესაც “კამპ ნოუზე” გუნდებმა 1-1 ითამაშეს. მე-5 წუთზე ანგარიში ლუკას ვასკესმა გახსნა, ხოლო 57-ეზე მალკომმა გაათანაბრა.



