კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელებმა დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარ–ფინალური მატჩის მოსამზადებელი ვარჯიში გამართეს “სანტიაგო ბერნაბეუზე”. მატჩი ხვალ გაიმართება და კატალონიელებს მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდება.
“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ მოედანზე რამდენიმე წუთი დაჰყო და აღდგენითი ვარჯიშები ჩაატარა ემილი რიკარტის მეთვალყურეობის ქვეშ. მოგვიანებით, როგორც წინასწარ იყო დაგეგმილი, ინიესტა გუნდს გამოეყო და გასახდელისკენ გაემართა. ჯერ–ჯერობით კვლავ ეჭვქვეშაა მისი მონაწილეობა ხვალინდელ შეხვედრაში.
გუნდის სხვა წევრებმა “ბერნაბეუზე” ჩვეულ რეჟიმში ივარჯიშეს. მათ შორის იყო კარლეს პუიოლიც, რომელიც სულ ახლახანს გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” კაპიტანმა ტრავმა სამი თვის წინ მიიღო და მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ მოახერხა გუნდთან ერთად თამაში.
ვარჯიში დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. პრესას მხოლოდ 15 წუთი ჰქონდა იმისთვის, რომ სურათები გადაეღოთ ფეხბურთელებისთვის.
