კატალონიის ”ბარსელონას” ძალზედ დატვირთული აპრილი ელის. მათ შვიდი მატჩის ჩატარება მოუწევთ. ამაში გასაკვირი არაფერია, ვინაიდან ყოფილა თვეები, როდესაც ”ლურჯ-ბროწეულისფრებს” უფრო მეტი თამაში გაუმართავთ. ასეთი იყო იანვარი. მაშინ კატალონიელებმა 9 მატჩი ჩაატარეს. ნოემბერსა და დეკემბერში მათ 7-7 თამაში ჩაატარეს. მაგრამ აპრილი მაინც განსაკუთრებულია.
3 აპრილს ”ბარსელონა” ”ვილიარეალს” შეხვდება. თამაშს კატალონიელები სტუმრად გამართავენ. 6 აპრილს გუნდს ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედ-ფინალური შეხვედრა ელის. ”კამპ ნოუს” დონეცკელები ესტუმრებიან. 4 დღის შემდეგ ”ბარსელონა” საკუთარ მოედანზე მიიღებს ”ალმერიას”. თამაში 10 აპრილს გაიმართება. ხოლო 2 დღის შემდეგ, 12 აპრილს გუნდი უკრაინაში გაემართება, რათა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედ-ფინალურ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. უკრაინიდან დაბრუნებული კატალონიელები ოთხ დღეს დაისვენებენ და 17 აპრილს მადრიდში გაემგზავრებიან. შეხვედრამ, ”რეალსა” და ”ბარსელონას” შორის, შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონის ბედი გადაწყვიტოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – შესაძლოა. თუმცა გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ 20 აპრილს, ”მესტალიაზე” გამართული ჯახის შემდეგ სამეფო თასის მფლობელის ვინაობა გაირკვევა. ამ შემთხვევაშიც კონკურენტები მადრიდელები იქნებიან. 24 აპრილს კი ”ბარსელონა” ”კამპ ნოუზე” ”ოსასუნას” უმასპინძლებს.
უნდა აღინიშნოს, რომ მადრიდის ”რეალი” აპირებს, თხოვნით მიმართოს ფედერაციას, რათა ხიხონელებთან გასამართი მატჩის თარიღი ერთი დღით ადრე გადაიტანონ. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ”სპორტინგთან” გასამართი მატჩის შემდეგ მადრიდელებს მხოლოდ 48 საათი ექნებათ ”ტოტენჰემთან” თამაშისთვის მოსამზადებლად.
