კატალონიის “ბარსელონას”, არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და სრულიად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის, ლეო მესის საგოლე პასების რაოდენობამ ქვეყნის ჩემპიონატში, 17–ს მიაღწია, რაც ნიშნავს იმას, რომ მან ჩავი ერნანდესის მიერ, 2008/09 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი წარსულს ჩააბარა. იმ წლებში ჩავიმ მოახერხა და საკუთარი თანაგუნდელები მთელი “პრიმერა დივიზიონის” სეზონის მანძილზე 16 საგოლე გადაცემით მოამარაგა…
მართალია არგენტინელის ანგარიშზე უკვე 45 გოლია, მაგრამ ამისდა მიუხედავად იგი საგოლე პასებისთვისაც იცლის. 2008/09 წლებში, ჩავი ერნანდესმა 16 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. 6–ჯერ მისი პასით თანაგუნდელებმა “სამეფო თასზე” ისარგებლეს, ერთხელ “ჩემპიონთა ლიგაზე”, ხოლო 16–ჯერ “ლა ლიგას” გათამაშებაში. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ “ჩემპიონთა ლიგაზე” გაკეთებულ პასს ლეო მესის თაური დარტყმა მოჰყვა, თაურ შესრულებას კი ვან დერ საარის სახის მიმიკთა ცვლა.
მესის ყველაზე მნიშვნელოვანი ასისტი წელს, “სამეფო თასის” შეხვედრაში დაფიქსირდა. მისი დახმარებით ბურთი ერიკ აბიდალს მიუგორდა, რომელმაც არ დააყოვნა და “სან მამესზე” შეკრებილ პუბლიკას არც ისე კარგი განწყობა შეუქმნა. ეს ფრანგი მცველისთვის “ბარსაში” პირველი გოლი გამოდგა.
პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელს ქვეყნის ჩემპიონატში უკვე ბევრი საგოლე პასი დაუგროვდა, მაგრამ აღსანიშნავი მაინც ორია. ორივე პასით ვილიამ ისარგებლა და ორივე შემთხვევაში “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ…
ევრო–ტურნირებზე, ლეოს ყველაზე მნიშვნელოვანი საგოლე გადაცემა ჯერჯერობით “ემირატებზე” გაკეთდა. მისი პასით კვლავ ვილიამ მოილხინა და “არსენალთა” კიპერი, მცველები, ნახევარმცველები, თავდამსხმელები, სამწვრთნელო შტაბი, მომსახურე პერსონალი, თუ “ემირატებზე” შეკრებილი პუბლიკა უსიამონოდ ასიამოვნა.
