როგორც გუშინ გამოქვეყნებულ სიახლეში მოგახსენეთ, რადიოსადგურმა ”კადენა კოპემ” კვირას სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა. რადიოს ჟურნალისტმა, ხუან ანტონიო ალკანამ განაცხადა, რომ მას სანდო წყაროს მეშვეობით ხელთ ჩაუვარდა ინფორმაცია იმის თაობა, რომ მადრიდის “რეალი” აპირებს მოთხვნით მიმართოს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას, რათა “ბარსელონასა” და “ვალენსიას” ფეხბურთელებს უფრო სერიოზულად ჩაუტარდეთ დოპინგ–კონტროლი. რადიოს საშუალებით ასევე ითქვა, რომ ”რეალში” კატალონიური კლუბის ექიმებს ”საეჭვო რეპუტაციის” მქონეებად მიიჩნევენ.
ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ს/კ ”ბარსელონას” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც კლუბმა უარყო ყოველგვარი კავშირი ”დოპინგის” მიღებასთან და მოითხოვა აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა შესაბამისი წყაროს მიერ.
დღეს რადიოსადგურმა ”კადენა კოპემ” ბოდიში მოიხადა გავრცელებული ინფორმაციის გამო. რადიოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათი მიზანი არ იყო ეჭვქვეშ დაეყენებიათ ”ბარსელონასა” და ”ვალენსიას” შედეგები, არამედ მათ მსმენელებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომელმაც ”რეალიდან” გაჟონა. ამას გარდა, რადიოსადგური მზადაა, ორივე კლუბის წარმომადგენლებს დაუთმოს პირდაპირი ეთერი, თუ მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება სურთ.
