ფრანგული ”ბორნის” პრეზიდენტს, სედრიკ ენჟოლრასს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ დისკვალიფიკაცია მისცა. ამის მიზეზი გახდა ფრანგის მიერ მესის ყიდვის მცდელობა, იტყობინება ”მარკა”.
საქმე ისაა, რომ ერთ საღამოს ენჟოლრასმა თავის მეგობრებთან განაცხადა, რომ ”ბარსელონას” არგენტინელი ფორვარდის, ლიონელ მესის ყიდვას აპირებს. მის სიტყვებს კი შემდეგი ქმედებები მოჰყვა: ენჟოლრასმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა კატალონიურ კლუბს, სადაც თავისი მოთხოვნა მიუთითა. მაგრამ, მისდა საუბედუროდ, აღნიშნული წერილი შემდეგ მოხვდა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში, რომელმაც ენჟოლრასს რეგლამენტის დარღვევაში დასდო ბრალი. საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით კლუბის პრეზიდენტს აღნიშნული წერილით საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის უნდა მიემართა, ხოლო ეს უკანასკნელი თავის მხრივ წერილს გაუგზავნიდა კატალონიურ კლუბს.
”ბორნი” საფრანგეთის ერთ-ერთ უმდაბლეს დივიზიაში გამოდის. ენჟოლრასმა მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით, თუმცა მას ექვს თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
”ჩვენ მსგავს რამეს ვერ დავუშვებთ. შესაძლოა, ეს უბრალო ხუმრობა იყო, თუმცა ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით შესაფერისი ზომები მივიღოთ.” – განაცხადა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა.
