თავი XII. ხავიტო, მოდი გავერთოთ
რონალდინიოს “ბარსაში” გამოჩენა, გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვას ჰგავდა, იმ სინათლისა, რომლის სხივმაც წყვდიადში გამოანათა და მზარდი საკლუბო მარაზმი შთანთქა. გუნდისა და გულშემატკივართა სულისკვეთება ასე ჯერ არავის და არაფერს აღემაღლებინა. მოედანზე მისი ყოფნა იმის გარანტიას იძლეოდა, რომ ინჩადა განუმეორებელ სანახაობას იხილავდა. მისი ღიმილი და პოზიტიური განწყობა, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის ტოლფასი იყო, რომელიც გასახდელს ნამდვილად აკლდა. იქაურობა გასული წლებში დაგროვილ ჩახუთულობას მოეცვა.

რონი სიხარულის უშრეტი წყარო იყო, ცხოვრებით ტკბებოდა. მოკლედ, დიდი უდარდელი ვინმე იყო. მისი ღიმილი გადამდები გახლდათ. ამ ადამიანის ცხოვრებაში არცერთი დღე არ იყო სევდიანი. ის ყველაზე თავისუფალი ფეხბურთელი იყო მოედანზე იმათ შორის, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ.
“ხავიტო, მოდი გავერთოთ!” – მომაძახებდა ხოლმე. ყოველთვის ხავიტოს მეძახდა. ჩვენი პირველი შეხვედრა მრავლისმეტყველი გამოდგა: “შენ რვა ნომერი იყავი ნიგერიაში”. მახსოვრობა მქონიაო, მაგან უნდა დაიკვეხნოს! 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მართლაც 8 ნომრით ვასპარეზობდი, რონის და კომპანიას ალიყური ვუთავაზეთ, მაგრამ როგორც გამოჩნდა, წყენა გულში არ ჩაუდია.
მისი თამაში სრულყოფილი იყო. მთავარია რონისთვის პასი მიგეცა, ხარისხს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ყველანაირ ბურთს იმორჩილებდა, თითქოს, უზუსტობას არ ჰქონოდეს ადგილი. ყველა იმ ფეხბურთელმა, ვისაც შესაბამისი სათამაშო კლასი არ ჰქონია და მის გვერდით უგორებია ბურთი, ოსტატობა ასჯერ და ათასჯერ აიმაღლა. ის იყო ადამიანი, რომელიც ჰარმონიაში იმყოფებოდა მთელს მსოფლიოსთან.
ბურთით ისე ჟონგლიორობდა, კაცს პირდაღებულს დაგტოვებდა. ტყავის სფეროს რით აღარ კენწლიდა. ამ ტრიუკს მჯდომარე მდგომარეობაშიც კი აკეთებდა. უნდა გეყურებინა და ტაში დაგეკრა, სხვა არა დაგრჩენოდა რა.
მისნაირი ტექნიკური ფეხბურთელი “ბარსელონაში” არ მახსენდება. არაიმიტომ რომ, შეუდარებელი ოსტატი იყო, არამედ იმიტომ, რომ მისი თამაში ესთეტიურად იყო დახვეწილი.
რონის მონაწილეობით საუკეთესო საფეხბურთო მომენტების გახსენება მიჭირს, რადგან თვალწინ უამრავი შედევრი წარმომიდგება ხოლმე. ზოგი “ბერნაბეუზე” მის ბურთაობას იხსენებს, როდესაც ტრიბუნებმა აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს, ზოგიც პამპლონაში ნახევარბრუნში შესრულებულ დარტყმაზე საუბრობს, “სევილიასთან” გატანილ გოლსაც იხსენებენ, რომელიც რონისთვის პირველი იყო ბლაუგრანაში. სუპერკლასიკოში ჩემთვის მორთმეული უზადო და უზუსტესი პასიც ახსოვთ და “ვილიარეალის” კარში გატანილი მაკრატელაც, რომელმაც “ნოუ კამპზე” დამსწრე საზოგადოება ჭკუიდან გადაიყვანა.
გასაგებია, რომ რონი იდეალური ფეხბურთელი არ ყოფილა. დანავსული პერიოდებიც ჰქონდა, როდესაც თამაშის რიტმში ვერ ჯდებოდა, მაგრამ როგორც კი ბურთს მიიღებდა, მის ვიზავის მაშინვე ფერი ეცვლებოდა ხოლმე. ეხლა რაღაც მოხდება! ანალოგიური შეგრძნება მაშინ მეუფლება, როდესაც ბურთს მესი და ინიესტა იღებენ. 
პირველი სამი სეზონის განმავლობაში რონის თამაშისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი. “ზევით ამოიწიე ხავიტო, შეტევისკენ ამოიწიე!” – მეტყოდა ხოლმე ბრაზილიელი, როდესაც მატჩის ტემპი ეცემოდა და ბურთი შეტევის ხაზამდე ვერ აღწევდა. მოედნის ჩინებული ხედვა ჰქონდა. გგონია რომ ვერ შეგამჩნია და ამ დროს ბურთი ფეხთ გაქვს. დეკო და რონი უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს. ეს გასაგებიცაა, ისინი ხომ ერთიდაიგივე საფეხბურთო სკოლის აღზრდილები იყვნენ. ერთი სიტყვით, სუპერკოლექტივი გვყავდა!
ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ რონალდინიომ ჩვენი ფეხბურთის განვითარების დინამიკა შეცვალა. თავისი მომღიმარი სახით, გვაიძულა დაგვეჯერებინა, რომ საუკეთესოები ვიყავით. გუნდს გამარჯვებულის ფსიქოლოგია შთაუნერგა, სიამაყისა და თავმოყვარეობის გრძნობა დაგვიბრუნა, რომელიც უკვე დაკარგული გვეგონა. და რაც ყველაზე მთავარია, მასთან ერთად ტიტულების მოგება დავიწყეთ.
