ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის დასრულების შემდეგ, სადაც ”ბარსელონა” ”ვალენსიას” სტუმრობდა, კატალონიელების მთავარი მწვრთნელი ბარსელონის ერთ-ერთ საავადმყოფოში, Dexeus Clinic-ში მოათავსეს. ბოლო პერიოდში მას წელის არეში აწუხებდა ტკივილი, რომელმაც თავი მატჩის განმავლობაშიც იჩინა. პეპმა ყველაფერი გააკეთა, რომ თამაშის ბოლომდე ყოფილიყო თავის გუნდის გვერდით, თუმცა მოგვიანებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დღეს დილით გავრცელდა ინფორაცია, რომ გვარდიოლა საავადმყოფოს დღეს დატოვებდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ”ბარსას” მწვრთნელი კლინიკაში კიდევ ერთ დღეს გაატარებს. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ პეპმა კიდევ ერთი ეპიდურალური მკურნალობა უნდა ჩაიტაროს.
აღსანიშნავია, რომ თუ მკურნალობის მიუხედავად ტკივილები არ იკლებს, ქირურგიული ჩარევა გარდაუვალი იქნება. ოპერაციის შემთხვევაში გამოჯანმრთელების პერიოდი მინიმალურია – მას 24 საათის შემდეგ გაწერენ კლინიკიდან, ხოლო ორი კვირის თავზე გუნდთან ერთად ვარჯიშს შეძლებს.
ექიმების მოთხოვნით შეზღუდულია გვარდიოლას მნახველთა სია. მასთან ოთახში ყოფნის საშუალება მხოლოდ მის მეუღელს, კრისტინა სერას აქვს.
სავარაუდოდ გვარდიოლა ვერ დაესწრება ხვალინდელ მატჩს, რომელსაც ”ბარსელონა” ”სარაგოსას” წინააღმდეგ მართავს.
