როგორც Sport.es იუწყება, კატალონიის ”ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას სავარაუდოდ დღეს გაწერენ საავადმყოფოდან.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის დასრულების შემდეგ, სადაც ”ბარსელონა” ”ვალენსიას” სტუმრობდა, კატალონიელების მთავარი მწვრთნელი ბარსელონის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს. ბოლო პერიოდში გვარდიოლას წელის არეში აწუხებდა ტკივილი, რომელმაც თავი მატჩის განმავლობაშიც იჩინა. პეპმა ყველაფერი გააკეთა, რომ თამაშის ბოლომდე ყოფილიყო თავის გუნდის გვერდით, თუმცა მოგვიანებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გვარდიოლას დაუდგინეს დისკოს თიაქარი და დაუნიშნეს მკურნალობა. საავადმყოფოს ის სავარაუდოდ დღეს დატოვებს და მკურნალობას სახლის პირობებში განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ მატჩი ”ვალენსიასა” და ”ბარსელონას” შორის კატალონიელების გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა ლეო მესიმ მოახერხა.
