“ბარსელონას” გულშემატკივრებს აუცილებლად არაერთხელ ეყოლებათ ნანახი კარლეს ნავალი – შუა ხნის ჭაღარა მამაკაცი, რომელიც კატალონიური კლუბის ყველა თამაშს ესწრება. სინამდვილეში, ნავალი თამაშებს არა მხოლოდ ესწრება, არამედ ის ერთ-ერთ მთავარი ორგანიზატორიცაა.
კარლეს ნავალი “ბარსელონას” დელეგატია. მას არაერთი საორგანიზაციო საკითხის მოგვარება ეხება. გასული წლის მაისში, 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნავალი კატალონიელთა დელეგატია და კატალონიურმა კლუბმა ეს ფაქტი “კამპ ნოუზე” აღნიშნა. კარლეს ნავალი “ბარსელონას” დელეგატი უკვე 2208 შეხვედრაში იყო და ის უკვე 58 ტიტულს მოესწრო. “ბარსელონას” არცერთ პრეზიდენტს, მწვრთნელს და მითუმეტეს ფეხბურთელს მსგავსი შედეგი არ აქვს.
“სანამ საკუთარ თავში ძალას ვიგრძნობ და კლუბი ნდობას გამომიცხადებს, მუშაობას განვაგრძობ. იყო “ბარსელონას” დელეგატი ნიშნავს, რომ მუშაობდე ყოველ დღე, რადგან ბევრი რამაა გასაკეთებელი.” – აცხადებს კარლეს ნავალი.
2015 წლის დეკემბერში, მადრიდის “რეალი” ესპანეთის თასის გათამაშებიდან მოიხსნა იმის გამო, რომ “კადისთან” მატჩში დენის ჩერიშევი ათამაშა, ამ ფეხბურთელს კი, დისკვალიფიკაციის გამო, მოედანზე გასვლის უფლება არ ჰქონდა. მაშინ, ნავალმა მადრიდელ კოლეგას, ჩენდოს მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა, ისიც განაცხადა, რომ მსგავსი საკითხები დელეგატის პასუხისმგებლობაა.
ერთ-ერთ ინტერვიუში, კარლეს ნავალი “ბარსელონას” შიდა სამზარეულოზე საუბრობს და არაერთ საინტერესო ფაქტს ახმაურებს.
დიდი ტელევიზორი
“ზოგი ფეხბურთელი გვთხოვს, რომ სასტუმროში ჩვეულზე დიდი ზომის ტელევიზორი დავახვედროთ, რომ მათ Playstation-ის თამაში შეძლონ.”
ჯარიმები
“კლუბში არსებული ჯარიმებისგან შემოსული თანხა ქველმოქმედებას ხმარდება. თუ ერთ წუთს მაინც დააგვიანებ, 200 ევროთი დაჯარიმდები. ყველაზე დიდი თანხა ეუსებიო საკრისტანს აქვს გადახდილი. ის მუდმივად აგვიანებდა.”
ჩემა კორბელიას გაშვება

ჩემა კორბელია “ბარსაში” 36 წლის განმავლობაში მუშაობდა და მას ფეხბურთელებთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. ის კლუბიდან 2014 წელს გაუშვეს.
“გამიკვირდა, რომ კლუბმა კორბელია გაუშვა. ამას არ ველოდით.”
გვარდიოლას თასებთან ერთად სძინავს
“რომში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გვარდიოლამ მკითხა, შეიძლებოდა თუ არა, რომ თასთან ერთად დაეძინა. რა თქმა უნდა, ვუპასუხე, რომ შეიძლებოდა. იგივე განმეორდა 2011 წელს, ლონდონშიც.”
რონალდინიოს ვარჯიშის გაცდენა და დაგვიანება
“რონალდინიომ მხოლოდ 2 ვარჯიში გააცდინა. ის ყოველთვის აქ იყო, მაგრამ ყოველთვის დროულად არ მოდიოდა.”
ინიესტას გოლი “სტემფორდ ბრიჯზე”

“ინიესტას გოლის ზეიმში მონაწილეობა არ მიმიღია… სათადარიგოთა სკამზე ვინმე ხომ უნდა დარჩენილიყო.”
ფეხბურთელების პირადი თანაშემწე
“ერთმა ფეხბურთელმა ღამის 2 საათზე დამირეკა და მითხრა, რომ მასთან ცენტრალური გათბობის სისტემა გაფუჭდა. აღდგომის კვირა იყო. საბედნიეროდ, მოვახერხე და დილის 8 საათზე მასთან ჩემი მეგობარი გავგზავნე, რომელმაც პრობლემა მოაგვარა, მაგრამ მეუღლესთან დაგეგმილი მოგზაურობა რამდენიმე საათით გადადო.”
კრუიფი ჯუკიჩზე
1994 წელს, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის წინ, “დეპორტივო” “ბარსელონას” ერთი ქულით უსწრებდა. ბოლო ტურში, ლა კორუნიელები “ვალენსიას” მასპინძლობდნენ, ხოლო კატალონიელები – “სევილიას”. 70-ე წუთამდე, ორივე თამაშში ფრე იყო (ბარსელონაში 2:2, ლა კორუნიაში 0:0). “ბარსამ”, ბოლო 20 წუთში, 3 გოლი გაიტანა და 5:2 მოიგო, მაგრამ პარალელური თამაშის ბოლო წუთზე, “დეპორტივოს” სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. მიროსლავ ჯუკიჩს ვალენსიას მეკარე ხოსე ლუის გონსალესმა აუღო და ჩემპიონი “ბარსელონა” გახდა.
“როდესაც გავიგეთ, რომ თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, კალამი, რომელიც ხელში მეჭირა, ძირს დაგავდე. ყველამ ვიფიქრეთ, რომ ჩემპიონატი წავაგეთ, კრუიფის გარდა. მან თქვა, რომ “დეპორტივო” თერთმეტმეტრიანს ვერ გაიტანდა.”
მესი – ნორმალური ადამიანი
“მესი ვარსკვლავივით არ ცხოვრობს. ის უბრალო ადამიანია. ის მოდის, საუზმობს, მიდის სპორტდარბაზში, ვარჯიშობს…”
მგზავრობა პამპლონაში

ავიახაზებზე არსებული პრობლემების გამო, “ოსასუნა”-“ბარსელონას” თამაში გადაიდო, მაგრამ მოგვიანებით, ფედერაციამ თამაშის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. “ბარსელონას” ფეხბურთელების სასწრაფოდ შეკრება და პამპლონაში მატარებლით გამგზავრება დასჭირდა.
“პედრო ტელეფონს არ პასუხობდა და მას ვერაფრით ვუკავშირდებოდით. ბოლოს, მის მეზობელს დავეკონტაქტეთ და ინფორმაცია მან მიაწვდინა. მსგავსი სიტუაცია იყო ჩავის შემთხვევაშიც. ჩვენ მის ძმას დავურეკეთ.”
მაგარი კაცია და მაგარი სტატია დდდდ
ასეთი ადამიანები ქმნიან გარემოს <3
კაი სტატია . ბევრი ასეთი სტატიები ი ხალხზე ვინც არ მოჩანს , მაგარ ძალიან დიდი სამუშაოს აკეთებს.
ბედნიერია ეს კაცი შვილისშვილებს რამდენ რამეს მოიყვება ))
დეპორტიოზე მომეწონა კაი ისტორიები კი ქონია ამ კაცს განვლილი
ძალიან მახარებს ასეთი სტატიები <3
კაი კაცია