“ბარსელონას” ახალგაზრდული აკადემიის 16 წლის ნახევარმცველი, იონ ტორალი მომდევნო სეზონიდან ლონდონის “არსენალის” მაისურს მოირგებს. ინგლისელებმა ახალგაზრდა ფეხბურთელში 350,000 ევრო გადაიხადეს.
ნახევარმცველის აგენტი “ლურჯ–ბროწეულისფერთა” მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას ღვიძლი ძმა, პერე გვარდიოლაა.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის “არსენალის” კაპიტანი, ფრანცესკ ფაბრეგასიც “ბარსელონას” ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია. იგი კლუბს 1997 წელს შეუერთდა, თუმცა სესკმა კატალონიური გრანდი 2003 წელს, 16 წლის ასაკში დატოვა და ინგლისში გადაბარგდა.
რაც შეეხება ტორალს, მასზე ამბობენ, რომ “კადეტე ა”–ს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია. მან გასულ კვირას “კორნელას” კარში ჰეთ–თრიკი შეასრულა. პრესა იუწყებოდა, რომ 16 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ სიტი”, “ჩელსი” და “ლივერპული” იჩენდნენ, თუმცა მან არჩევანი “არსენალზე” გააკეთა.
მარცხენა ნახევარმცველმა “ბარსაში” ოთხი სეზონი გაატარა. ის ესპანეთის 16 წლამდე ნაკრების წევრია.



