workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოძრავი უძრავი კედლის წინააღმდეგ

მოძრავი უძრავი კედლის წინააღმდეგ

“ლა ლიგაში” 20 გუნდია. თითო ტურში ყოველი გუნდი ერთ თამაშს მართავს და შესაბამისად მთლიანობაში ვიღებთ 10 მატჩს, 10 სანახაობას, რომლითაც მთელი მსოფლიო ტკბება. ამ 10 შეხვედრიდან კი “ბარსას” გულშემატკივრები ერთ შეხვედრას ყოველთვის გამოარჩევენ. თქვენ წარმოიდგინეთ და ეს ის გამორჩეული შეხვედრაა, რომელში მონაწილეობასაც კატალონიელები იღებენ. გუშინ კი მათი მატჩი მთელი ესპანური ფეხბურთის გულშემატკივრის ყურადღების ცენტრში მოექცა. ისინი ხომ “ნოუ კამპზე” ბასკური “ატლეტიკის” ფეხბურთელებს იღებდნენ…

სანამ რაფაელ დომინგესი საკუთარი სასტვენის დახმარებით ყველას ამცნობდა, რომ კატალონიურ–ბასკური დაპირისპირება დაიწყო, იქამდე “ლა ლიგაში” 8 “სანახაობა” გაიმართა. ზოგმა გუნდმა ცხრილში წინ წაიწია, ზოგმაც რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიწია, “ბარსელონა” კი ადგილიდან არ იძვროდა. თუმცა, ამ გუნდის დასაძრავად “რეალ მადრიდის” სამწვრთნელო შტაბი, ფეხბურთელები, თუ ამ გუნდში მომუშავე სხვა პირები, არაფერს იშურებდნენ. არაფერს იშურებდნენ და ეს მათ დაუფასდათ. “პრიმერას” 24–ე ტურში მათ საკუთარ მოედანზე, “ლევანტეს” დამარცხება შეძლეს. ამით მადრიდელები ბოლო 2 წლის ჩემპიონს კიდევ 3 ქულით მიუახლოვდნენ და მათ დასაძრავად მხოლოდ 2 ქულის აღმოფხვრაღა ხდებოდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმირებულები რაღა თქმა უნდა თვით ის კატალონიელებიც გახლდნენ, რომელთა ადგილიდან დაძვრაც არც ისე ადვილია და ამიტომაც თავიანთ გუშინდელ სტუმრებს არც ისე კარგად გაუმასპინძლდნენ…

და აი, საკუთარი სასტვენის დახმარებით, რაფაელ დომინგესმა გვამცნო, რომ კატალონიურ–ბასკური დაპირისპირება დაიწყო! მასპინძლებმა კი როგორც უკვე მოგახსენეთ, კარგად გამასპინძლება არ ისურვეს და მეტოქე–სტუმართა საკუთარი კედლებიდან “გაძევებას” მყარი საფუძველი მეოთხე წუთზევე ჩაუყარეს, როდესაც დანი ალვესის შესანიშნავი გადაცემით დავიდ ვილიამ ისარგებლა და ერთი შეხებით ბურთი ირაისოსის კარისკენ გადაგზავნა. ანგარიში გაიხსნა და კატალონიელები ბოლომდე გაიხსნენ. ახლა მათი შეჩერება უფრო რთული გახლდათ, ვიდრე თამაშის დაწყების წინ, მაგრამ კაპაროსის მოძრავი კედელი ძალზედ კარგად მოქმედებდა და მესის, ვილიას, თუ პედროს ძალზედ კარგად უმკლავდებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ და იგი ინიესტას შესანიშნავ დრიბლინგებსაც და ჩავის გამჭოლ გადაცემებსაც უძლებდა. ეს ხომ სასწაულის ტოლფასია … ამ გამკლავებ–გამკლავებაში კი მოძრავმა კედელმა საკუთარი სახელის გამართლება დაიწყო. ამიტომაც მას ადგილიდან დაძვრა მოუწია. ამის მიზეზი კი ალბათ კატალონიელთა შეცდომები გახლდათ. გავიხსენოთ ერთ–ერთი ეპიზოდი: დანი ალვესს საკუთარ ფლანგზე მარტოდ–მარტოდ მოთარეშე გაბილონდო მიავიწყდა და პიკეს დასახმარებლად გაეშურა. სწორედ ამას მოჰყვა ხოსე მანუელ პინტოს ის ლამაზი ნახტომი, რომლის შესრულებაც მას ლორენტეს თაურის შემდეგ მოუწია. თუმცა, ამის შემდეგ მოძრავი კედელი თავის პირვანდელ ვითარებას დაუბრუნდა. “ბარსა” კი კვლავ უტევდა, უტევდა იქამდე სანამ რაფაელ დომინგესმა, საკუთარი სასტვენის დახმარებით, არ გვამცნო, რომ 45 წუთი გავიდა.

შესვენებისთვის განკუთვნილი წუთების ამოიწურა და ახლა ფეხბურთელები მოედანზე მეორე ტაიმის გასამართად გამოსულიყვნენ. დომინგესის სასტვენი კი არ დრკებოდა და გვამცნო, რომ შეხვედრა განახლებას ექვემდებარებოდა. ბასკებმაც ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, ბურთი თამაშში შეიყვანეს. ბილბაოელების მიერ თამაშში შეყვანილი ბურთისთვის კი ორივე გუნდმა თანაბრად დაიწყო ბრძოლა. ამ თანაბარ ბრძოლაში კი სერხიო ბუსკეტსს საკუთარი გუნდის საჯარიმოში, ფეხებმა გაასწრეს და პენალტიც დაინიშნა. სერხიოს გასწრებული ფეხების მსხვერპლი ლორენტე გახლდათ. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ბურთი დასარტყამად ირაოლამ გაამზადა. ამ მზადებაში კი მონაწილეობა პინტომაც მიიღო, თუმცა ამისდა მიუხედავად ირაოლამ ყველაფერი ხუთიანზე შეასრულა და ანგარიშიც გათანაბრდა, 1:1.

ბასკები კი უფრო და უფრო თამამდებოდნენ და პინტოს კარსაც უფრო და უფრო ხშირად სტუმრობდნენ, მაგრამ ამ უფრო და უფრო ხშირად სტუმრობას მათთვის კარგი შედეგები არ მოჰყოლია. არგენტინელმა ფორვარდმა უყურა მათ აქტიურობას და გადაწყვიტა, რომ ახლა მისი დრო დადგა. 59–ე წუთი გახლდათ, როდესაც მთელ ბასკურ გუნდს აზროვნების უნარი წაერთვა და როდესაც მთელი “ნოუ კამპი” ახმაურდა და თან როგორ ახმაურდა … მესიმ თავის სტილში, კიდევ ერთხელ, ყველა პირდაღებული დატოვა. როდესაც ლეომ ამ ულამაზესი შეტევისთვის წერტილის დასმა მოინდომა, გზად ყველა ბასკ ფეხბურთელთან ერთად, ჩავი მარტინესიც შემოხვდა. ფეხბურთელი, რომელმაც არგენტინელი თამაშის წესების დარღვევით შეაჩერა. თუმცა, რაფაელ დომინგესი, რის ესპანელი მსაჯი იქნებოდა ერთი კარგი, “გემრიელი” შეცდომა, რომ არ დაეშვა. ამიტომაც ანგარიში უცვლელი დარჩა. ამას კი მოძრავი კედელის უძრავ კედელად გადაქცევა მოყვა. მესი, ჩავი, დანი, ინიესტა და სხვანი გაჩერებას არ აპირებდნენ და უტევდნენ და უტევდნენ ირაისოსის კარს. უტევდნენ და საბოლოოდ, 78–ე წუთზე, დანი ალვესის პასის შემდეგ გოლი 2010 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელმა, ლეო მესიმ გაიტანა. ანგარიში შეიცვალა, 2:1…

დაიღალა კედელი და დაიშალა კედელი, თუმცა ამის გამო, მესისა და ინიესტას საკუთარი თავის დემონსტრირება არ გასჭირვებიათ და მეტიც, მათ კიდევ დამატებით რამდენიმე საგოლე ეპიზოდი შექმნეს, მაგრამ გოლის გარეშე. მატჩი დასრულდა, კატალონიელებმა გაიმარჯვეს და კვლავ ჯიუტად, უძრავად დგანან პირველ საფეხურზე და ამაყად შესცქერიან დანარჩენ 19 გუნდს. გუნდებს, რომლებიც ასე იბრძვიან პირველობისთვის და ასე ოცნებობენ კატალონიელების ადგილზე ყოფნაზე, მაგრამ მხოლოდ ოცნება საკმარისი არ გახლავთ. მართალია ოცნებას ჯერჯერობით არც ერთი საფეხბურთო კლუბი არ დაუშლია, მაგრამ “ბარსას” ადგილზე ყოფნაზე ოცნებას, ალბათ მაინც ყველაფერს საქმის გაკეთება სჯობს. საქმის გაკეთება, რომელსაც ესპანური გუნდებისგან ყველა ასე სულმოუთქმელად ელის…

ვიდეომასალა

[media=http://www.youtube.com/watch?v=7jcsMJO7x0o]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში