პორტუგალიისა და მადრიდის ”რეალის” ნახევარმცველს, კრისტიანუ რონალდუს ესპანეთის თასის ფინალის მოგება სურს.
”მოურინიომ იცის, რა არის საჭირო ”ბარსელონას” დასამარხებლად. ასევე ჩვენ, ფეხბურთელებსაც გვაქვს ჩვენი მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მწვრთელი ამ მატჩში საუკეთესო სტრატეგიას აირჩევს და ჩვენ გავიმარჯვებთ” – განაცხადა რონალდუმ.
მადრიდელთა ლიდერმა კომენტარი გააკეთა აღნიშნული გუნდების ბოლო დაპირისპირებაზე, რომელიც 2010 წლის 29 ნოემბერს, ქვეყნის ჩემპიონატის ფარგლებში შედგა. ამ შეხვედრაში კატალონიელებმა ”კამპ ნოუზე” უმასპინძლეს მეტოქეს და დაამარცხეს, ანგარიშით 5:0. ”ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მარცხი ჩემს კარიერაში, მაგრამ ჩვენ კარგი გაკვეთილი მივიღეთ. შემდეგში იგივე შეცდომებს არ დავუშვებთ” – ირწმუნება 2008 წლის ”ოქროს ბურთის” მფლობელი.
პორტუგალიელი გამოტყდა, რომ სურვილი აქვს ანგარიში გახსნას ”ლურჯ-ბროწეულისფერთა” წინააღმდეგ თამაშში. ამ მომენტისთვის ესპანეთის ჩემპიონატში მონაწილე მხოლოდ ორი გუნდის კარი არ დაულაშქრავს რონალდუს: ”ბარსელონას” და ხიხონის ”სპორტინგის”. ”უახლოეს მატჩში შევეცდები კატალონიელების კარის აღებას”– დაპირება მოგვცა რონალდუმ.
ესპანეთის თასის ფინალი 20 აპრილს, ვალენსიაში, კერძოდ კი ”მესტალიაზე” გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ნახევარ-ფინალურ მატჩებში ”ბარსელონამ” დაამარცხა ”ალმერია”, ანგარიშებით 5:0 და 0:3, ხოლო ”რეალმა” სძლია ”სევილიას” ანგარიშებით, 0:1 და 2:0.


