კატალონიის “ბარსელონას” 23 წლის არგენტინელი ფორვარდი, ლეო მესი “ატლეტიკო მადრიდთან” მიღწეული შედეგით კმაყოფილი დარჩა, რომელშიც კატალონიელებმა ანგარიშით, 3–0 გაიმარჯვეს. ეს გამარჯვება “პრიმერაში” ზედიზედ მეთექვსმეტე გახლდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბარსამ” “დი სტეფანოს მადრიდის” რეკორდის დამხობა შეძლო…
“ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დავამხეთ ისეთი რეკორდი, რომლის დამყარებაშიც უდიდესი წვლილი დი სტეფანოს მიუძღვის. ეს რეკორდი ძალიან ბევრი წლის წინათ იქნა დამყარებული, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამის გამეორება მარტივი არ გახლავთ”, განაცხადა არგენტინელმა მატჩის დასრულების შემდეგ.
მესიმ, რომელმაც მოახერხა და დღევანდელ შეხვედრაში ჰეტ–ტრიკი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში კრიშტიანუ რონალდუს გადაასწრო, ამ ფაქტთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ამაზე დიდად არ ვღელავ. მთავარია ჩვენმა გუნდმა გამარჯვებები განაგრძოს, რადგანაც “მადრიდი” ყოველთვის ჩასაფრებული იქნება.”
ბოლოს კი ჟურნალისტებმა მას “სამეფო თასის” ფინალის შესახებ კითხეს, რომელსაც “ბარსა” “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ 20 აპრილს გამართავს. ამის თაობაზე კი ლეომ ასეთი კომენტარი გააკეთა: “ახლა ჩვენ მთლიანად ქვეყნის ჩემპიონატსა და “ჩემპიონთა ლიგაზე” ვართ კონცენტრირებულნი. როდესაც დრო მოვა, ფინალზეც ვისაუბრებთ”, დაასრულა 2010 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელმა.



