”მარკას” ინფორმაციით, ესპანეთის თასის ფინალური შეხვედრა, რომელიც 20 აპრილს უნდა შედგეს, შესაძლოა ვალენსიაში, ”მესტალიას” სტადიონზე გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ ფინალში ერთმანეთს ”რეალი” და ”ბარსელონა” დაუპირისპირდებიან. ფინალის საგზურის მოსაპოვებლად მადრიდელებმა საკმაოდ დაძაბული მატჩები ჩაატარეს ”სევილიას” წინააღმდეგ. სტუმრად მათ 0:1 იმარჯვეს, ხოლო ”ბერნაბეუზე” 2 ბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. რაც შეეხება კატალონიელებს, მათ მარტივად მოახერხეს ”ალმერიასთან” ბრძოლაში გამარჯვება. შეგახსენებთ, რომ პირველი ნახევარ-ფინალური შეხვედრა ”ბარსას” სასარგებლოდ, ანგარიშით 5:0 დასრულდა. საპასუხო შეხვედრაშიც ”ბლაუგრანამ” მოიპოვა უპირატესობა. მათ გასვლაზე 0:3 სძლიეს ”ალმერიას”.
დღეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ”ბარსელონასა” და ”რეალის” წარმომადგენლებს შეხვდებიან, რათა განიხილონ ფინალური მატჩის შეხვედრის ადგილი. მაგრამ, აპრიორი ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ მატჩი ვალენსიაში, ”მესტალიას” სტადიონზე გაიმართება.
