“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ, მხარდამჭერთა კლუბების რიგით 38-ე შეკრებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, სხვა საკითხებთან ერთად, ნეიმარის “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლაზეც ისაუბრა.
“მინდა, დღეს მომავალზე გესაუბროთ. მანამდე კი, წარსულის ერთი ფურცელი უნდა გადავშალოთ. ნეიმარი უკვე ისტორიაა! ეს მისი გადაწყვეტილება იყო, ჩვენ კი ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ის დარჩენილიყო. ჩვენ მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით. თუმცა, საზღვარი ყველაფერს აქვს და “ბარსაზე” მაღლა არცერთი ფეხბურთელი არ დგას. ჩვენ 118 წლის ისტორიის მქონე კლუბი ვართ, რომელშიც უდიდესი ფეხბურთელები თამაშობენ და რომელსაც 140 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. ეს კლუბი ჩვენია და არა რომელიმე შეიხის, ან ოლიგარქის.
ჯერ კიდევ გასულ სეზონში ვშიშობდით, რომ ნეიმარი წავიდოდა და სწორედ ამიტომ გავზარდეთ მისი გამოსასყიდი თანხა. ახლა კი, მის შემცვლელზე ვფიქრობთ. ეს გადაწყვეტილება, ჩვენთვის, კარგი იყო. თუ ის დარჩებოდა, ჩვენ შესანიშნავ ფეხბურთელს შევინარჩუნებდით, თუმცა, ტრანსფერიდან მიღებული თანხით, ახალი მოთამაშეების დამატების გარანტია გვაქვს.
ფორმა, რომლითაც ნეიმარმა კლუბი დატოვა, საუკეთესო არ ყოფილა. ფეხბურთელები ასე არ უნდა იქცეოდნენ. მისგან მიღებულ თანხას კი გონივრულად და მშვიდად გამოვიყენებთ.”
