“ბარსელონას” მოსწონს დემბელე. ხელმძღვანელები მოხიბლულნი არიან დიბალას ვარსკვლავური სტატუსით, მაგრამ სამწვრთნელო შტაბს განსხვავებული მოთამაშე სურს. დემბელეს დამატება შეტევის ხაზის გასაძლიერებლად უკვე რამდენიმე თვეა განიხილება და ნეიმარის წასვლის შემდეგ ტრანსფერი, ალბათ, დაჩქარდება. მიუხედავად ამისა, როგორც Sport-ს აცნობეს, კატალონიურ კლუბში ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ, შეიძინონ თუ არა დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელი.
“ბარსელონამ” განაახლა კონტაქტი დემბელესთან დაახლოებულ პირებთან, რათა გაარკვიოს, სურს თუ არა მოთამაშეს გადმოსვლა და რამდენს მოითხოვენ გერმანელები მის სანაცვლოდ. კატალონიელები ფიქრობენ, რომ ტრანსფერი შესაძლებელია, რადგან ობამეიანგი ჯერ კიდევ “ბორუსიას” შემადგენლობაშია. მიუხედავად ამისა, დებატები არ შეჩერებულა. “ბარსელონაში”, ერთი მხრივ, ზოგიერთი ფიქრობს, რომ დემბელეს სისწრაფე და ტექნიკური შესაძლებლობები ნეიმარის მიერ დატოვებულ სიცარიელეს შეავსებს. მეორე მხრივ, დემბელე გოლების რაოდენობით ბრაზილიელს ჩამორჩება. ასეთი ვითარებიდან გამომდინარე, “ბარსელონა” არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას და დაელოდება პრესეზონის განვითარებას. კლუბს ასევე აინტერესებს ვალვერდეს აზრი, თუ როგორი თავდამსხმელია საჭირო. კატალონიელები დემბელეთი ინტერესდებიან, მაგრამ ნებისმიერ ფასს არ გადაიხდიან.
“ბარსელონა” ნეიმარის გაყიდვით მიღებული ფულის დახარჯვას აპირებს, მაგრამ დიბალას შეძენა, სავარაუდოდ, არ განიხილება. “იუვენტუსის” მოთამაშის გამოსასყიდი თანხა მაღალია და არგენტინელი ვერ აკმაყოფილებს სამწვრთნელო შტაბის მოთხოვნებს. დიბალა, ალბათ, ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს არ შეუერთდება “ბარსას”, მაგრამ ეს ტრანსფერი შესაძლოა მომავალში განხორციელდეს.
