იასპერ სილესენმა “ბარსელონას” მაისურით პრე სეზონზე გაიბრწყინა. მეკარემ მადრიდის “რეალთან” შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და დიდი ალბათობით, ესპანეთის სუპერ თასზეც სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინება. თუმცა ჰოლანდიელმა იცის, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
ტერ შტეგენი, რომელიც კონფედერაციის თასზე თამაშის შემდეგ შვებულებიდან გუშინ დაბრუნდა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მადრიდელებთან პირველ დაპირისპირებაში მონაწილეობას მიიღებს. თუმცა ეს არაფერს ცვლის – დიდი ალბათობით, ტერ შტეგენი კვლავ იქნება “ბარსელონას” პირველი მეკარე ჩემპიონთა ლიგაზე და ლა ლიგის შეხვედრებში, სილესენისთვის კი კოპა დელ რეის მატჩებია განწესებული.
მიმდინარე ზაფხულში მოვლენების საკმაოდ საინტერესო განვითარება ორმა ფაქტორმა გამოიწვია: სილესენს სურს, რომ მსოფლიო ჩემპიონატს მაქსიმალურად კარგ ფორმაში შეხვდეს და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების კარი დაიცვას. მეორე კი ისაა, რომ პორტუგალიურმა “ბენფიკამ” მის მიმართ ინტერესი გამოიჩინა. “ბარსელონას” კიპერი “ბენფიკას” სქემაში კარგად ჯდება და ედერსონის “მანჩესტერ სიტიში” ტრანსფერის შემდეგ გუნდს მეკარე ესაჭიროება.
“ბარსელონასა” და “ბენფიკას” ტრანსფერების მხრივ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, რასაც მოწმობს მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნელსონ სემედუს ტრანსფერი. თუმცა ტრანსფერის ალბათობა ძალიან მცირეა, ვინაიდან და რადგანაც, სილესენს ჯერ წასვლის სურვილი არ გამოუთქვამს.
მეკარის გაშვების ინტერესი არც კატალონიელებს აქვთ, რადგან სილესენი ძალიან მაღალი დონის მეკარეა, რომლის ნდობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება. საინტერესოა რას გადაწყვეტს ჰოლანდიელი. მისმა აგენტმა ინტერესი პრემიერ ლიგის გუნდებიდანაც დაადასტურა, თუმცა ჯერ-ჯერობით, სილესენი კლუბის დატოვებას არ განიხილავს.
