ფილიპე კოუტინიო, პსჟ-ს ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად რჩება უნაი ემერის სასტარტო თერთმეტეულის გასაძლიერებლად. Le10Sport-ის ინფორმაციით, ნასერ ალ-ხელაიფი და ანტერო ენრიკე ბრაზილიელი ათიანისთვის მულტიმილიონიან შეთავაზებას ამზადებენ.
დღემდე, აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით “ენფილდის” მკვიდრთა დამოკიდებულება “ბარსელონას”, “იუვესა” და “ბაიერნის” მიმართ ერთი იყო: “კოუტინიო არ იყიდება.” ფილიპე იურგენ კლოპის გუნდის საკვანძო ფიგურაა.
მიუხედავად ამისა, ფრანგები დანებებას არ აპირებენ და სურთ, ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისურ კლუბთან კავშირი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს, 78 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინონ.
ცხადია, ეს არ არის 100 მილიონი – თანხა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მერსესაიდელები თავიანთ ლიდერს შეელევიან, მაგრამ პარიზში იმედოვნებენ, რომ გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით შეთანხმებას მიაღწევენ.
თუ “ოპერაცია კოუტინიო” წარმატებით ჩაივლის, ამან შესაძლოა ირიბად, მაგრამ მაინც ხელი შეუწყოს მარკო ვერატის ტრანსფერს და მოლაპარაკებების წარმოებას – პარიზელთა ამჟამინდელი პოზიციიდან გამომდინარე იტალიელი ფეხბურთელის შეძენა “ბარსელონას” ძალიან უჭირს.
თავად კოუტინიოს სურს, რომ თავის კლუბს უქომაგოს, რომელიც მომავალ სეზონში პრესტიჟული ტურნირების მოსაგებად იზრუნებს. ფილიპე “ბარსელონაში” გადასვლის წინააღმდეგი არ იყო, თუმცა ამჟამად კატალონიელების აზრით მათ გუნდს გაძლიერება მოედნის ცენტრში სჭირდება დაცვითი ფუნქციების მქონე ფეხბურთელით და მათ სამიზნედ სწორედ მარკო ვერატი რჩება.



