”fifa.com”-თან მიცემულ ინტერვიუში, ჟოზე მაურინიომ (რომელიც წარდგენილი არის ”ფიფას” წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზე) ხოტბა შეასხა მისი მეტოქე გუნდის, ”ბარსელონას” მწვრთნელს. გთავაზობთ ”განსაკუთრებულის” მიერ გვარდიოლას მიმართ გამოთქმულ მლიქვნელურ კომენტარებს:
– თქვენ რომ იყოთ კლუბის პრეზიდენტი, დანიშნავდით თუ არა გვარდიოლას მთავარ მწვრთნელად?
-მე რომ სანდრო როსელი ვიყო, გვარდიოლას 50 წლიან კონტრაქტს გავუფორმებდი.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ის არის ადამიანი, რომელიც დაბადებიდან ”ბარსელონაშია”. ის არის Culé, ის კლუბს იცნობს თავიდან ბოლომდე, და იცის თუ როგორი ფეხბურთი უყვართ გულშემატკივრებს. ის არის იდეალური ადამიანი ”ბარსელონას” მწვრთნელის პოსტზე”.
– იქნებოდა თუ არა ის თქვენი არჩევანი, თქვენ რომ ”მადრიდის” პრეზიდენტი იყოთ?
– დიახ იქნებოდა, პეპი შესანიშნავი მწვრთნელია. მე წლების წინ აღვნიშნე, რომ ის კარიერას მწვრთნელობით დაასრულებდა. თუ გსურთ გადაამოწმეთ, მე ეს 20 წლის წინ ვთქვი.
– როგორი დამოკიდებულება გაქვთ მასთან?
– ჩვენ ერთად ვმუშაობდით ”ბარსაში” და მე მხოლოდ დადებითი მახსენდება. ახლა ჩვენ კონკურენტები ვართ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ. ჩემი აზრით ეს შესანიშნავია და ვიმედოვნებ, რომ ყოველთვის ასე იქნება.


