ლიონელ მესი, მეტსახელად “რწყილი” – სისწრაფისა და ათლეტური თვისებების გამო, აგრეთვე “ცაცია” – მარცხენა ფეხით საუცხოო თამაშის გამო და დავიდ ვილია, მეტსახელად “სოფლელი” – პროვინციული ასტურიული მეტყველების გამო, რომლის საუბრის გაგებაც წმინდა სისხლის კასტილიელებს პირველ ჯერზე უჭირთ ხოლმე. ასეთი განსხვავებულები და წარმოუდგენლად მსგავსნი, ამაწლის მაისის თვეში როგორც იქნა თანაგუნდელები გახდნენ.
როგორც იქნაო? იკითხავთ თქვენ. დიახაც, როგორც იქნა! ვილია “ბარსელონას” ფეხბურთელი შარშანაც შეიძლებოდა გამხდარიყო, მაგრამ კლუბების ხელმძღვანელებმა ფინანსურ საკითხებზე ვერ მიაღწიეს კონსესუსს. “ვალენსია” თვალცრემლიანი ემშვიდობებოდა ვილიას, არუნდოდა იმის დაჯერება, რომ მათი კუმირი მიდიოდა, მაგრამ “ღამურების” ფანებთან ბოდიშის მოხდით მინდა განვაცხადო, რომ დავიდი “მესტალიაზე” შებოჭილად გრძნობდა თავს. ეს განსაკუთრებით ბოლო სეზონში იგრძნობოდა.
როდესაც ვილიამ ლურჯ-შინდისფერი მაისური მოირგო, გაჩნდა აზრი: “და აი ისიც! სწორედ ასეთი ფორვარდი აკლდა “ბარსას” მესის მეწყვილედ. ხავი და ინიესტა ვირტუოზული გადაცემებისა და განუმეორებელი კომბინაციების დიდოსტატები არიან, მაგრამ გოლების გატანა მათი საქმე არ არის. პედრო? ბოიანი? სიჭაბუკე და შემართება – მათთან მიმართებაში ეს ორი თვისება უფრო მინუსია, ვიდრე პლიუსი. ბოიანს ჯერ ჯანი აკლია, ხოლო პედრომ “მეორე სეზონის” ვირუსი აიკიდა, ვილია და მხოლოდ ვილია!”.
ძალიან საინტერესო იყო იმის ხილვა თუ როგორ მოხდებოდა ვილიასა და მესის გაცნობა მოედანზე. იმ გაცნობაზე ვსაუბრობ, როდესაც თანაგუნდელები ერთმანეთს ზუსტი პასებით, ეშმაკური შერბენებითა და კარში დარტყმებით ეცნობიან. ყველაფერმა ბრწყინვალედ ჩაიარა. მართალია, პირველ მატჩებში ვილია შებოჭილი ჩანდა, მაგრამ ეს არ ყოფილა მღელვარება, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს ახასიათებთ ხოლმე, ეს შეჩვევის პროცესი იყო. ახალ მაისურთან შეჩვევა, ტრიბუნების ახალ სიმაღლესთან, მთავარი მწვრთნელის განსხვავებულ კოსტუმთან. მთავარი კი იმასთან შეჩვევა გახლდათ, რომ პასის გაკეთება მესისთვის გიწევს. ბოლო რამდენიმე შეხვედრამ კარგად აჩვენა, რომ ვილია ყველაფერს შეეჩვია.
მიმდინარე სეზონში “ბარსელონამ” (ამხანაგურ მატჩებსა და სამეფო თასზე “სეუტასთან” ორთაბრძოლას თუ არ ჩავთვლით, რომელშიც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელთა ნახევარს არ მიუღია მონაწილეობა), 31 გოლის გატანა მოახერხა. აქედან 20 ვილიასა და მესის ანგარიშზეა, შესაბამისად 7 და 13. დავიდის მიერ გაკეთებული სამი საგოლე გადაცემიდან, ორის ადრესატი ლეო იყო. ხოლო მესის ოთხი პასიდან ორი ვილიასთვის გახლდათ განკუთვნილი. ადაპტაციამ წარმატებით ჩაიარა, არ მეთანხმებით?
თავდამსხმელთა წყვილის წარმატებული ასპარეზობა არამხოლოდ მოედანზე ურთიერთგაგებაზეა დამოკიდებული, არამედ ურთიერთპატივისცემაზეც. ეს პასებშიც გამოსჭვივის, მოძრაობაშიც და დარტყმებშიც. მესი და ვილია, “რწყილი” და “სოფლელი” – ისინი საკმაოდ ცუდად საუბრობენ კასტილიურად, მაგრამ სამაგიეროდ მათი საფეხბურთო ენაა ულამაზესი! არა აქვს მნიშვნელობა როსარიოდან ხარ თუ ლანგრეოდან, ფეხბურთის ენა, ისევე როგორც სიყვარულისა, უნივერსალურია თითოეული ჩვენთაგანისთვის.



