ჰოლანდიელი ნახევრამცველი ფიქრობს, რომ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის მხოლოდ და მხოლოდ სამი კანდიდატურა იბრძვის.
გაზეთ “L’Equipe”-თან საუბრისას ვესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ ამ ჯილდოს ჩავი, ინიესტა, ან თავად იგი დაისაკუთრებს. “ჩემი აზრით, მხოლოდ ჩვენ სამს გვაქვს შანსი ამ ჯილდოს აღებისა. ვფიქრობ, შევძლებ ესპანელებისთვის მაღალი კონკურენციის გაწევას.”
ჰოლანდიელს ახალი არც არაფერი უთქვამს. მან ხომ ფორთოხლისფერებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი შესანიშნავად ჩაატარა და საკლუბო დონეზეც ყველაფრის მოგება მოახერხა “ნერაძურას” მაისურით.
მეორე მხრივ, ვესლი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ჟოზეს დამსახურებაა. “ერთი სეზონი მოურინიოსთან ერთად ათი სეზონის ტოლფასი იყო ჩემთვის.” – აცხადებს ჰოლანდიელი.
კითხვას, მოხდება თუ არა მისი რეტრანსფერი მადრიდულ კლუბში, სნეიდერმა ძალიან ხისტი პასუხი გასცა: “არა! მე არ დავბრუნდები იმ კლუბში, რომელიც ფეხბურთელებს ვერ აფასებს. მე “რეალ მადრიდის” ფორმას აღარასდროს აღარ ჩავიცმევ.”



