კატარში მიმდინარე 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებმა პირველი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. დავიდ კუბილიოს გუნდმა ჩინეთი 5-0 დაამარცხა, მატჩის მთავარი გმირები კი “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელები, ებრიმა ტუნკარა და ჟორდი პესკერი გახდნენ.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ესპანელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთებიდან უპირატესობას ფლობდნენ. განსაკუთრებით სახიფათო იყო კრისტიან იმგა, რომელიც მარცხენა ფლანგიდან მეტოქის დაცვას პრობლემებს უქმნიდა. თუმცა ჩინეთის ნაკრები ხუთმცველიანი დაცვის წყალობით გარკვეული დროის განმავლობაში გოლის გაშვებას ახერხებდა.
ანგარიში მე-40 წუთზე გაიხსნა. “ბარსელონას” მარცხენა მცველი ჟორდი პესკერი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, სადაც წესების დარღვევით შეაჩერეს. ვიდეოგადამოწმების შემდეგ მსაჯმა პენალტის დანიშვნის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თერთმეტმეტრიანი თავად პესკერმა შეასრულა და ესპანეთი დააწინაურა.
პირველი ტაიმის დამატებულ დროში თავი ებრიმა ტუნკარამაც გამოიჩინა. “ბარსელონას” შემტევმა საჯარიმოს მისადგომებთან ჯარიმა მოიპოვა, ბურთთან თავად მივიდა და ზუსტი დარტყმით ჩინელთა კარი აიღო. ესპანეთის ნაკრები შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა.
მეორე ტაიმში ტუნკარამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი შესაძლებლობები. 74-ე წუთზე მან რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და ოუენ ემეკას საგოლე გადაცემა გაუკეთა. ამ უკანასკნელმა ბურთი კარის ზედა კუთხეში გაგზავნა და ანგარიში 3-0 გახადა.
მე-80 წუთზე ემეკამ დუბლი შეასრულა. ჩინეთის მეკარემ თანაგუნდელის დარტყმა მოიგერია, თუმცა დამატებაზე ესპანელმა ფეხბურთელმა ყველას დაასწრო და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა.
საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე გილიერმო ტრუხილიანომ დააფიქსირა, რომელმაც ხუნკადელიას გადაცემა ზუსტი დარტყმით დაასრულა.
ამრიგად, ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგუფში პირველი სამი ქულა მოიპოვა. ამავე ჯგუფში ჩინეთის გარდა ფიჯი და მაროკო ასპარეზობენ.
დავიდ კუბილიოს გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 ნოემბერს ფიჯის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, 26 ნოემბერს, მაროკოს დაუპირისპირდება.




forum კომენტარები (0)