“ბარსელონამ” 17 ნოემბერს, სამშაბათს, “ვილიარეალთან” მატჩისთვის მზადება განაგრძო. ჰანსი ფლიკის გუნდმა ვარჯიში ჟოან გამპერის სახელობის საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა, თუმცა სესიაში მონაწილეობა არ მიუღიათ ფეხბურთელებს, რომლებიც სანაკრებო მატჩებზე იყვნენ გამოძახებულნი.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გუნდთან ერთად ჩვეულებრივ რეჟიმში ივარჯიშა დანი ოლმომ, რომელიც ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენას აგრძელებს. ესპანელი ნახევარმცველის მიზანი 22 ნოემბერს, “ვილიარეალთან” მატჩისთვის მზადყოფნაა.
გამოჯანმრთელების პროცესში წინსვლა აქვს ჟიულ კუნდესაც. ფრანგი მცველი, რომელსაც მარცხენა კოჭის დაჭიმულობა აწუხებს, ჯერ კიდევ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. უახლოეს დღეებში მისი მდგომარეობის მიხედვით გაირკვევა, შეძლებს თუ არა “ვილიარეალთან” თამაშს.
საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდნენ პაუ კუბარსი და ფრენკი დე იონგიც. ორივე ფეხბურთელმა სანაკრებო მატჩების დროს მცირე დაზიანება მიიღო და ამ ეტაპზე ისინი სპეციალური პროგრამით ვარჯიშობენ.
ტრავმების გამო გუნდს კვლავ აკლია როდრი, ჩავი ესპარტი და რუნი ბარდჯი.
17 ნოემბერს “ბარსელონას” ფეხბურთელების სანაკრებო მატჩების მიმდინარე ციკლი სრულდება. ჟოაუ კანსელუს პორტუგალია უელსს დაუპირისპირდება, ჰამზა აბდელკარიმის ეგვიპტე მალავის შეხვდება, ხოლო მარკ ბერნალის ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრები ალბანეთთან ითამაშებს.
ამასთან, რაფინიას ჯერ კიდევ სინგაპურიდან დაბრუნება უწევს. ბრაზილიელმა იაპონიასთან მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო ნაკრების ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო.
ჰანსი ფლიკმა გადაწყვიტა, ოთხშაბათს, 18 ნოემბერს, გუნდს დასვენების დღე მისცეს. გერმანელი სპეციალისტი ითვალისწინებს დატვირთულ კალენდარს, რომელიც “ბარსელონას” წლის ბოლომდე ელოდება.
კატალონიელები ვარჯიშს ხუთშაბათს განაახლებენ და “ვილიარეალთან” შეხვედრისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე გადავლენ.

forum კომენტარები (0)