“ბარსელონა” სანაკრებო პაუზის შემდეგ ლა ლიგას “ვილიარეალთან” მატჩით დაუბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-8 ადგილზეა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჰანსი ფლიკის გუნდს საკმაოდ რთული გამოცდა ელის.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ინიგო პერესის ხელმძღვანელობით “ვილიარეალი” ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომელიც მის სატურნირო მდგომარეობას სრულად არ შეესაბამება. გუნდი ცდილობს ბურთის კონტროლს, მაღალ პრესინგსა და შეტევაში აქტიურობას, თუმცა შექმნილი შესაძლებლობების გამოყენება უჭირს.
ლა ლიგის 12 ტურში “ვილიარეალმა” 4 გამარჯვება, 3 ფრე და 5 მარცხი დააგროვა. 15 ქულით გუნდი მე-8 ადგილზეა. შედარებისთვის, ჩემპიონატის ლიდერმა “ბარსელონამ” უკვე 48 გოლი გაიტანა, ხოლო მისმა მომავალმა მეტოქემ მხოლოდ 17.
თუმცა სათამაშო მაჩვენებლები სრულიად განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს.
ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებლით “ვილიარეალი” ლა ლიგაში მეორე ადგილზეა – 59%. მას მხოლოდ “ბარსელონა” უსწრებს, რომელიც ბურთს საშუალოდ დროის 66.2%-ის განმავლობაში აკონტროლებს.
ინიგო პერესის გუნდი მეორე ადგილს იკავებს მეტოქის ნახევარზე ბურთის ფლობის მაჩვენებლითაც (55.9%). ასევე მეორეა წინ მიმართული გადაცემების რაოდენობით – საშუალოდ 372 მატჩში, ხოლო პასების სიზუსტით (82.4%) მესამე პოზიციაზეა.
განსაკუთრებით საინტერესოა შეტევითი სტატისტიკა. “ვილიარეალმა” 12 მატჩში 202 დარტყმა შეასრულა, რაც საშუალოდ 16.8 დარტყმას შეადგენს. ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ “ბარსელონა” უსწრებს. 202 დარტყმიდან კარის ჩარჩოში 70 წავიდა.
“ვილიარეალი” კუთხურების რაოდენობით ჩემპიონატის ლიდერია. გუნდმა 12 ტურში 89 კუთხური მოაწოდა, საშუალოდ 7.4 მატჩში. თუმცა ამ უპირატესობის გამოყენება ვერ ხერხდება: კუთხურების მხოლოდ 29.2% სრულდება კარისკენ დარტყმით, რაც ლა ლიგაში ბოლოდან მეორე მაჩვენებელია. ამდენი კუთხურის მიუხედავად, გუნდმა მათი დახმარებით მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.
სწორედ შეტევების დასრულებაა “ვილიარეალის” მთავარი პრობლემა. გუნდი ბევრს უტევს, ხშირად აკონტროლებს ბურთს და მეტოქის კართან რეგულარულად ქმნის საფრთხეს, მაგრამ 12 შეხვედრაში მხოლოდ 17 გოლი აქვს გატანილი, საშუალოდ 1.4 მატჩში.
სანაკრებო პაუზამდე “ვილიარეალმა” “ხეტაფე” 2-0 დაამარცხა და “ბარსელონასთან” შეხვედრას გამარჯვებით ხვდება.
ჰანსი ფლიკისთვის ეს სტატისტიკა მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა. მიუხედავად მეტოქის არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა, “ვილიარეალს” თამაშის კონტროლი და შეტევაში აქტიურობა შეუძლია.




forum კომენტარები (0)