ლუის ენრიკეს სამწვრთნელო კარიერის დასაწყისსა და “ბარსა ატლეტიკის” ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პერიოდზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. ნამუშევარი სახელწოდებით “Tocats per Lucho” იმ სამ სეზონს ეძღვნება, რომელთა განმავლობაშიც ასტურიელმა სპეციალისტმა “ბარსელონას” სარეზერვო გუნდი ესპანეთის მესამე დივიზიონიდან მეორე დივიზიონის მესამე ადგილამდე მიიყვანა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფილმის წინასწარი ჩვენება 16 ნოემბერს ბარსელონაში, კინოთეატრ Cinesa Diagonal-ში გაიმართა. დოკუმენტური ნამუშევრის რეჟისორი მარკ მარბაა, ხოლო აღმასრულებელი პროდიუსერი – პიტუ აბრილი.
ფილმში მონაწილეობენ ფეხბურთელები, რომლებიც ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით 2008-2011 წლებში თამაშობდნენ. მათ შორის არიან სერჟი რობერტო, მარკ ბარტრა, ორიოლ რომეუ, მარკ მუნიესა, ანდრეუ ფონტასი, ჯონათან სორიანო, რუბენ მინიო, ნოლიტო და სხვა ყოფილი მოთამაშეები.
სამი სეზონი, რომელმაც ბარსა ატლეტიკის ისტორია შეცვალა
როდესაც ლუის ენრიკემ 2008 წელს “ბარსა ატლეტიკი” ჩაიბარა, სამწვრთნელო გამოცდილება არ ჰქონდა. ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება ფიზიკური მომზადების მწვრთნელის, ხოსე რამონ კალიენისა და ფსიქოლოგ ხოაკინ ვალდესის გუნდში მიყვანა იყო.
საწყისი პერიოდი რთული აღმოჩნდა, თუმცა გუნდმა მდგომარეობა თანდათან გამოასწორა და პირველივე სეზონში მეორე დივიზიონში გადასასვლელი პლეი-ოფის ზონასთან ახლოს დაასრულა ჩემპიონატი.
2009/10 წლების სეზონში “ბარსა ატლეტიკმა” მიზანს მიაღწია და “სანტ ანდრეუსთან” დაძაბული პლეი-ოფის შემდეგ მეორე დივიზიონში დაწინაურდა.
მომდევნო სეზონი კიდევ უფრო წარმატებული გამოდგა. ლუის ენრიკეს გუნდმა 71 ქულა მოაგროვა და ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა. ეს “ბარსელონას” სარეზერვო გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგი იყო. სხვა კლუბის შემთხვევაში მესამე ადგილი ლა ლიგაში გადასასვლელად ბრძოლის შესაძლებლობას იძლეოდა, თუმცა სარეზერვო გუნდებს უმაღლეს დივიზიონში თამაში ეკრძალებათ.
მოგონებები და უცნობი ისტორიები
დოკუმენტური ფილმი იწყება ლუის ენრიკესა და მისი ყოფილი ფეხბურთელების შეხვედრით, რომელიც 2026 წლის ზაფხულში, La Masia Can Pau Torrents-ში გაიმართა. შეკრების მონაწილეები ერთად გატარებულ წლებსა და სახალისო ისტორიებს იხსენებენ.
ერთ-ერთი ასეთი ისტორია ნოლიტოს გუნდში მისვლას უკავშირდება. თავდაპირველად ზოგიერთი ფეხბურთელი, მისი გარეგნობისა და ჭარბი წონის გამო, ფიქრობდა, რომ ის სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო.
ფილმში ასევე იხსენებენ ტენერიფეზე გამართულ კარნავალს, როდესაც მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა კოსტიუმები ჩაიცვეს და ადგილობრივ დღესასწაულში მიიღეს მონაწილეობა.
ყოფილი ფეხბურთელების ნაწილი განსაკუთრებულ ყურადღებას ლუის ენრიკესგან მიღებულ გამოცდილებას უთმობს. მათი თქმით, სწორედ იმ პერიოდში ნასწავლმა ბევრი მათგანის პროფესიულ კარიერაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
ფილმის წინასწარ ჩვენებას ესწრებოდნენ ჯონათან სორიანო, რუბენ მინიო, მწვრთნელის ყოფილი თანაშემწე ჟოან ბარბარა და გუნდის დელეგატი ტონი ალონსო.
ლუის ენრიკეს კარიერის დასაწყისი
“ბარსა ატლეტიკიდან” წასვლის შემდეგ ლუის ენრიკემ წარმატებული სამწვრთნელო კარიერა განაგრძო. მან “ბარსელონას” პირველ გუნდში მუშაობის პერიოდშიც მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს, მოგვიანებით კი პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო.
დოკუმენტური ფილმი აჩვენებს, როგორ ყალიბდებოდა მისი სამწვრთნელო ფილოსოფია და ხელმძღვანელობის მეთოდები ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პროფესიული კარიერის დასაწყისში იმყოფებოდა.
“Tocats per Lucho”-ს სატელევიზიო პრემიერა Betevé-ზე 17 ნოემბერს გაიმართება. მაუწყებლის განახლებული პროგრამის მიხედვით, ჩვენება თბილისის დროით 18 ნოემბერს, 01:05 საათზე დაიწყება. სატელევიზიო ეთერის შემდეგ ფილმი Betevé-ს ვებსაიტსა და YouTube-არხზეც გახდება ხელმისაწვდომი.




forum კომენტარები (0)