მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ზედიზედ 2 მოუგებელი თამაში – პირველად 2019 წლის შემდეგ

ზედიზედ 2 მოუგებელი თამაში – პირველად 2019 წლის შემდეგ

მოკლედ
"ბარსელონას" ქალთა გუნდმა ზედიზედ ორი ოფიციალური მატჩი პირველად ბოლო 7 წლისა და 9 თვის განმავლობაში ვერ მოიგო. მიუხედავად ამისა, კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონატს კვლავ ლიდერობენ და უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებენ.

“ბარსელონას” ქალთა გუნდმა ბოლო ორ შეხვედრაში გამარჯვება ვერ მოიპოვა და უარყოფითი სტატისტიკა გაიმეორა, რომელიც უკანასკნელად 2019 წლის თებერვალში დაფიქსირდა.

როგორც Mundo Deportivo წერს, კატალონიელებმა ზედიზედ ორი ოფიციალური მატჩი თითქმის 7 წლისა და 9 თვის შემდეგ პირველად ვერ მოიგეს. 12 ნოემბერს “ბარსელონა” ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე “არსენალს” დაუზავდა (1-1), ხოლო 15 ნოემბერს ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში “დეპორტივოსთან” იმავე ანგარიშით ითამაშა.

“დეპორტივოსთან” შეხვედრაში კატალონიელები მარცხს ბოლო წამებზე გადაურჩნენ. რენე ვან ასტენმა 102-ე წუთზე გაიტანა და გუნდს ქულა მოუტანა. ამ შედეგით “ბარსელონამ” 28 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან “რეალ მადრიდთან” 4-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. მადრიდელებმაც თავიანთი შეხვედრა ფრედ, 3-3 დაასრულეს “ბადალონასთან”.

ბოლოს მსგავსი შემთხვევა 2019 წლის თებერვალში დაფიქსირდა, თუმცა მაშინ “ბარსელონამ” ზედიზედ ორი მატჩი წააგო. 13 თებერვალს კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონატში “სპორტინგ უელვასთან” 2-3 დამარცხდნენ, ხოლო 17 თებერვალს ესპანეთის თასზე “ატლეტიკოსთან” 0-2 წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ.

იმ პერიოდში გუნდს ლუის კორტესი წვრთნიდა, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრან სანჩესი 2019 წლის იანვარში შეცვალა. “ბარსელონამ” 2018/19 წლების სეზონი ტიტულის გარეშე დაასრულა.

დღევანდელი შემადგენლობიდან მხოლოდ სამი ფეხბურთელი მონაწილეობდა 2019 წლის თებერვლის აღნიშნული ორი შეხვედრიდან ერთ-ერთში ან ორივეში: მარტა ტორეხონი, აიტანა ბონმატი და კლაუდია პინა. პატრი გიხარო იმ პერიოდში ტრავმირებული იყო.

მოგვიანებით კორტესის ხელმძღვანელობით გუნდმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. მომდევნო სეზონში “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერ თასი მოიგო, ხოლო 2020/21 წლების სეზონში ისტორიაში პირველად დაეუფლა ქალთა ჩემპიონთა ლიგის ტიტულს.

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, ტრავმებით დასუსტებული შემადგენლობისა და ფეხბურთელების ფიზიკური დატვირთვის განაწილების აუცილებლობის გამო, პერე რომეუს “დეპორტივოსთან” მატჩში არაერთი ახალგაზრდა მოთამაშის გამოყენება მოუწია. დაახლოებით 4 000 მაყურებლის წინაშე გამართულ შეხვედრაში კატალონიელებმა გამარჯვება ვერ მოიპოვეს.

“ბარსელონას” მომდევნო მატჩი 19 ნოემბერს ელის. ქალთა ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-5 ტურში კატალონიელები “იოჰამ კრუიფის” სტადიონზე შვეიცარიულ “სერვეტს” უმასპინძლებენ და გამარჯვებების გზაზე დაბრუნებას შეეცდებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი