ქალთა ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მე-4 ტურში “ბარსელონამ” “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ლონდონის “არსენალს” უმასპინძლა და ფრედ, 1-1 ითამაშა. კატალონიელები შეხვედრის დიდი ნაწილის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად, გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს.
შეხვედრა 2025 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის განმეორება იყო, რომელშიც “არსენალმა” “ბარსელონა” 1-0 დაამარცხა. კატალონიელები ამჯერად რევანშის აღებას ცდილობდნენ, მაგრამ ინგლისურმა გუნდმა კიდევ ერთხელ შეძლო მათი შეჩერება.
არსენალის მოულოდნელი გოლი და ბარსელონას უპირატესობა
მატჩის საწყის წუთებში “ბარსელონამ” მეტოქეზე ზეწოლა დაიწყო და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. მიუხედავად ამისა, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს.
22-ე წუთზე ალესია რუსოს მიერ წამოწყებული შეტევის შემდეგ კეიტლინ ფორდმა დაარტყა. კატა კოლმა ბურთი მოიგერია, თუმცა დამატებაზე ფრიდა მანუმმა ყველას დაასწრო და “არსენალი” წინ გაიყვანა.
გაშვებული გოლის შემდეგ კატალონიელებმა შეტევები კიდევ უფრო გააძლიერეს. კაროლინ გრემ ჰანსენი აქტიურად უტევდა მეტოქის დაცვას, ხოლო სტუმართა მეკარე მისა როდრიგესს არაერთხელ მოუწია გუნდის გადარჩენა.
პირველი ტაიმის მიწურულს გრემ ჰანსენის თავური დარტყმა ძელს მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონამ” შესვენებამდე 18-ჯერ დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით, პირველი ნახევარი 0-1 დასრულდა.
გრემ ჰანსენმა ანგარიში გაათანაბრა
მეორე ტაიმში მასპინძლებმა ზეწოლა გააგრძელეს. 56-ე წუთზე მოედანზე აიტანა ბონმატი გამოჩნდა, სამი წუთის შემდეგ კი “ბარსელონამ” ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
59-ე წუთზე ესმე ბრუგტსის გადაცემის შემდეგ გრემ ჰანსენმა სტეფ კეტლის აჯობა და მარცხენა ფეხით ბურთი მეტოქის კარის შორეულ კუთხეში გადაგზავნა – 1-1.
გატანილი გოლის შემდეგ “ბარსელონა” გამარჯვების მოპოვებას ცდილობდა, თუმცა “არსენალი” თავს ორგანიზებულად იცავდა. სტუმრებსაც ჰქონდათ დაწინაურების შესაძლებლობა, მაგრამ დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.
სტატისტიკური უპირატესობა და მნიშვნელოვანი ქულა
მატჩის სტატისტიკა “ბარსელონას” უპირატესობას ნათლად ასახავს. კატალონიელები ბურთს დროის 69.1%-ის განმავლობაში ფლობდნენ და მეტოქის კარის მიმართულებით 24-ჯერ დაარტყეს, მაშინ როდესაც “არსენალმა” მხოლოდ 7 დარტყმა შეასრულა. კარში ზუსტი დარტყმების რაოდენობა 7-3 იყო.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კაროლინ გრემ ჰანსენი დასახელდა. UEFA-ს მონაცემებით, ქალთა ჩემპიონთა ლიგის იმ 28 შეხვედრიდან, რომლებშიც ნორვეგიელმა გოლი გაიტანა, მის გუნდს არცერთი არ წაუგია – 25 გამარჯვება და 3 ფრე.
მიუხედავად დაკარგული ქულებისა, “ბარსელონამ” პლეი-ოფში მონაწილეობა გაინაღდა. ოთხი ტურის შემდეგ კატალონიელებს 10 ქულა აქვთ – სამი გამარჯვება და ერთი ფრე.
ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას “ბარსელონა” 19 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე, შვეიცარიული “სერვეტის” წინააღმდეგ გამართავს.




forum კომენტარები (0)