“ბარსელონამ” 8 ნოემბერს “ატლეტიკო” სტუმრად 2-1 დაამარცხა. მატჩის გმირი ფერმინ ლოპესი გახდა, რომელმაც ორივე გოლი გაიტანა, თუმცა გამარჯვების მომტან ეპიზოდში რაფინიამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
Mundo Deportivo-მ ყურადღება გაამახვილა ბრაზილიელი ფეხბურთელის მოქმედებაზე ფერმინის მეორე გოლის დროს. მიუხედავად იმისა, რომ რაფინიასთვის მადრიდში გამართული შეხვედრა მარტივი არ ყოფილა, მან მოედანზე თავისი გავლენის მოხდენა ბურთის გარეშეც შეძლო.
რაფინიამ, რომელიც ამ მატჩში ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა, 90 წუთზე მეტი დროის განმავლობაში ბურთს მხოლოდ 37-ჯერ შეეხო. “ატლეტიკოს” ორგანიზებული დაცვა მას თავისუფალ სივრცეებს უზღუდავდა და შეტევებში აქტიურად ჩართვის საშუალებას არ აძლევდა.
თუმცა ფერმინის გამარჯვების გოლის ეპიზოდში ბრაზილიელმა შესანიშნავი ტაქტიკური აზროვნება გამოავლინა. მან განზრახ გადაინაცვლა ბურთისგან მოშორებით, რათა მარკ პუბილი თან გაეყოლებინა და მეტოქის საჯარიმოში თავისუფალი სივრცე შეექმნა.
რაფინიას მხოლოდ მცველის ყურადღება არ გადაუტანია. მან ხელითაც მიანიშნა თანაგუნდელებს, სად უნდა გაეგზავნათ ბურთი. ლამინ იამალმა სწორედ ამ სივრცეში გახსნა ფერმინი ზუსტი გადაცემით, ხოლო ესპანელმა ნახევარმცველმა იან ობლაკს გაუტანა. 66-ე წუთზე გატანილი გოლი საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.
გოლის შემდეგ რაფინიამ თანაგუნდელის წარმატება განსაკუთრებული ემოციით აღნიშნა. Mundo Deportivo ხაზს უსვამს მის კიდევ ერთ მოქმედებასაც: პირველ ტაიმში ბრაზილიელი ბრიან ფარინიასისა და ლამინ იამალის დასახმარებლად გაემართა, რათა ისინი ყვითელი ბარათის მიღებისგან დაეცვა.
ამგვარად, რაფინიას წვლილი მხოლოდ გოლებითა და საგოლე გადაცემებით არ განისაზღვრება. მისი გადაადგილება, თამაშის წაკითხვის უნარი და თანაგუნდელების მხარდაჭერა “ბარსელონასთვის” არანაკლებ მნიშვნელოვანია.




forum კომენტარები (0)