ჩემპიონთა ლიგაზე “ასტონ ვილასთან” მატჩის წინ, “ბარსელონას” შემტევმა ენტონი გორდონმა პრესკონფერენცია გამართა. ინგლისელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და კატალონიურ კლუბში გატარებული პირველი თვეები შეაფასა.
საკუთარი თამაშის შეფასება
ათბალიანი სისტემით? არ ვიცი, ალბათ 7.5? საკუთარ თავს 7 ან 7.5 ქულას დავუწერდი. საკმაოდ კარგად დავიწყე, თუ გავითვალისწინებთ კლუბის, ქვეყნისა და გუნდის შეცვლას. თუმცა მეტის გაკეთება შემიძლია. სრულად ადაპტაციისთვის დრო დამჭირდება. როდესაც ეს მოხდება, ჩემს საუკეთესო ვერსიას იხილავთ. ის ჯერ არ გინახავთ.
ასტონ ვილას შეფასება
შესანიშნავი გუნდია, რომელიც ყოველთვის კონცენტრირებულია, საკუთარ მომენტს ელოდება და კარგ ფორმაშია. მათ წინააღმდეგ რამდენჯერმე მითამაშია და არაერთგვაროვანი გამოცდილება მაქვს. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი და მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. რთული გამოწვევა იქნება, თუმცა მათთან შეხვედრას მოუთმენლად ველი.
კონკურენცია კარიმ ადეიემისთან და თანაგუნდელების მხარდაჭერა
ყველაზე მეტად ისინი მეხმარებიან, ვინც ინგლისურად საუბრობს, მაგალითად, ერიკ გარსია. თუმცა ყველა ძალიან მეგობრულია, მათ შორის ფლიკიც, და ადაპტაციას მიადვილებენ. რაც შეეხება კონკურენციას, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ მაქსიმუმი გავიღო, იმის მიუხედავად, ხუთ წუთს ვითამაშებ თუ მთელ მატჩს. სინამდვილეში, საკუთარ თავს ვეჯიბრები და სხვებზე არ ვკონცენტრირდები. სხვა გარემოებები ჩემზე გავლენას არ ახდენს. საკუთარ თამაშზე ვარ კონცენტრირებული და ყოველთვის ვცდილობ, ჩემი საუკეთესო ვერსია წარმოვაჩინო.
ფსიქოლოგიური მომზადება
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ცხოვრებაშიც. სტაბილურობის შენარჩუნება ყველაზე დიდი გამოწვევაა. რთულია, მუდმივად ერთ დონეზე იყო და მაქსიმუმს აკეთებდე. ვცდილობ, იმ მეთოდებს მივყვე, რომლებიც ჩემთვის მუშაობს. კარგი ყოველდღიური რეჟიმი, კითხვა და ყველაფერში მაქსიმუმის გაღება სწორედ ისაა, რისკენაც ვისწრაფვი. “ბარსელონაში” გამოწვევა განსხვავდება იმისგან, რაც სხვა გუნდებში მქონდა, და ეს განვითარებაში გეხმარება. აქ წნეხი უფრო დიდია, მაგრამ ტიტულების მოსაგებად ბრძოლასთან დაკავშირებული წნეხი ბევრად უკეთესია, ვიდრე უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ან ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა.
რაში სჭირდება გაუმჯობესება
ზოგჯერ შემიძლია უფრო ეგოისტურად ვითამაშო, ნაკლებად გადავაწოდო ბურთი სხვებს, უფრო ხშირად ვცადო მეტოქის მოტყუება და გოლის გატანა. ესეც გუნდის დახმარების საშუალებაა. უკეთესი გადაწყვეტილებები უნდა მივიღო. საკუთარი თავისგან გოლებსა და საგოლე გადაცემებს მოვითხოვ. მინდა ვიყო ფეხბურთელი, რომელსაც მატჩის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლია. აქ ტიტულების მოსაგებად ვარ. მეტი გოლი უნდა გავიტანო.
ბარსელონას დონე და პსჟ-სა და რეალ მადრიდთან მარცხები
ამ ორ მარცხზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მეტოქეები ჩვენზე ძლიერები იყვნენ. ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია, ისინი ჩვენზე მაღლა არ დგანან. პსჟ-სთან მატჩს მათზე მეტად დაღლილები შევხვდით. “რეალ მადრიდთან” კი, ჩემი აზრით, უკეთესი გუნდი ვიყავით და მეტი საგოლე მომენტი გვქონდა. თუმცა ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ და მეტოქემ მაღალი კლასის ფეხბურთელების წყალობით ორი გოლი გაგვიტანა. იმედი მაქვს, ორივე გუნდთან კიდევ მომეცემა თამაშის შესაძლებლობა.
ბარსელონაში ადაპტაცია
ჯერ კიდევ ვეჩვევი ადგილობრივ კულტურას, გუნდსა და ფეხბურთელებს. უნდა გავიგო, როგორი გადაცემების გაკეთებას აპირებენ თანაგუნდელები, რათა ვიცოდე, რა მიმართულებით გავიქცე. ჯერ ადრეა, აქ მხოლოდ სამი თვეა ვიმყოფები. აუცილებლად მოვუმატებ, რადგან მეტის გაკეთება შემიძლია.
რამ გააკვირვა ყველაზე მეტად ბარსელონაში
აქ ყველაფერი განსხვავებულია. მანამდე ინგლისის ფარგლებს გარეთ არასდროს მიცხოვრია, მაგრამ აქ ბედნიერი ვარ. შესანიშნავი ქვეყანაა, კარგი ამინდით, გემრიელი საჭმლითა და კარგი ადამიანებით. ძალიან გამიმართლა. ალბათ ყველაზე დიდი სიურპრიზი ისაა, რომ გასახდელში ეგოიზმი და ქედმაღლობა არ იგრძნობა. ყველა მეგობრული და უშუალოა. ფეხბურთელებმა გულთბილად მიმიღეს.
გულშემატკივრების ბანერები და მხარდაჭერა
ტრიბუნებთან ასეთი კავშირის დამყარებას არ ველოდი და არც მგონია, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყოს. ძალიან მომწონს. მათი მხარდაჭერა და სიყვარული კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ უკეთ ვითამაშო. იმედი მაქვს, ამ ყველაფერს გოლებითა და ტიტულებით გადავუხდი. ფეხბურთელები მოდიან და მიდიან. ცხოვრება ადამიანურ ურთიერთობებზეა აგებული, აქ კი თავი ძალიან სასურველ ადამიანად მაგრძნობინეს. სტადიონზე მისვლა ძალიან მიყვარს.
ბარსელონას სათამაშო სისტემის უპირატესობა
მხოლოდ ის ვთქვი, რომ აქამდე არასდროს მითამაშია ისეთი სისტემით, როგორიც “ბარსელონაშია”, და ეს ჩემთვის სასარგებლოა. არ მინდა, ვინმემ არასწორად გამიგოს. ინგლისური გუნდის წინააღმდეგ თამაში დამატებით მოტივაციას არ მაძლევს. ჩემი მოტივაცია ყოველთვის ერთნაირია. იმის თქმა მინდოდა, რომ აქამდე ისეთ სისტემაში არ ვთამაშობდი, რომელიც ჩემი ძლიერი მხარეების სრულად გამოვლენის შესაძლებლობას მომცემდა. რამდენიმე გუნდში მითამაშია, მაგრამ ასეთ სისტემაში ჩემი შესაძლებლობები აქამდე არ უნახავთ. ინგლისური გუნდები ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან. “ასტონ ვილაც” ფიზიკურად ძლიერი გუნდია და შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს.
კითხვის სიყვარული
ყოველთვის მიყვარდა კითხვა, განსაკუთრებით არამხატვრული ლიტერატურის. TikTok-ისა და Instagram-ის გამო გონება ზოგჯერ გადატვირთული გაქვს, თითქოს მუდმივად ჩართულია. კითხვა დამშვიდებაში, ემოციების დარეგულირებასა და ცოტა ხნით ყველაფრისგან გამოთიშვაში მეხმარება. მიყვარს სიმშვიდე, კითხვა, სეირნობა და ბუნებაში ყოფნა. ეს ყველაფერი მამშვიდებს და მეხმარება, უფრო მადლიერი ვიყო. დოფამინი ყურადღებას გაშორებს იმისგან, რაც სინამდვილეში მნიშვნელოვანია.




ძაან არ მომწონს ფლიკის ახირებები ბალდეს მიმართ ან თუნდაც ჰამზას მიმართ თუარ ათამაშე შე კაი კაცო რანაირად დაგიმტკიცებს რო შეუძლია ის დონე დაგიდოს ბალდე ყველაზე კაიიიყო დაცვაში რაც შემოვიდა რეალთან უბრალოდ მინუსი ისააქ რო ჩაწოდება არააქ ისეთი,ჰამზაზე იწერება ვაფშე შეიძლება ამ ტუპოებმა ზამთარში პსჟ მიყიდონ არვიცი მოკლედ ისედაც არ გვყავს დაცვა და ახა მაინც უნდა მიცეს შანსი ბალდეს მითუმეტეს კანსელუ თუ აიჭრა 1 თამაში 2 3 თამაში მიყოლება აქ პლიუს როდრი ჰო შეიძლება დააყენოს თავის ადგილზე და პედრი თავის ადგილზე მარა არ შვება მოკლედ თუ არ დაალაგა ეს საკითხები ფლიკმა ვატყობ წავა სეზონის ბოლოს.