ფერმინ ლოპესმა კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. “ბარსელონას” აღზრდილს “ალავესთან” შეხვედრის პირველივე ტაიმში შესანიშნავი თამაში ჰქონდა და გუნდს პსჟ-სა და “რეალ მადრიდთან” ორი მტკივნეული მარცხის შემდეგ გამარჯვებაში დაეხმარა. მის ანგარიშზე ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.
ფერმინი სწორედ ის ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელიც “ბარსელონას” შეტევის გასაძლიერებლად სჭირდებოდა. მან პირველივე გოლის დროს “ალავესის” დაცვის ხაზი გაარღვია და რაფინიას საგოლე გადაცემა გაუკეთა. 23-ე წუთზე თავადაც გაიტანა, ხოლო ტაიმის დასრულებამდე კიდევ ერთი ზუსტი პასით ბრაზილიელს მეორე გოლი გაატანინა.
ფერმინის გოლი “ბარსელონას” ნახევარდაცვაში დაწყებულ კომბინაციას მოჰყვა. როდრიმ ბურთი გონივრულად გაათამაშა და შეტევა ლამინ იამალამდე მიიყვანა. ახალგაზრდა გარემარბმა ფერმინის გადაადგილება შენიშნა და საჯარიმოში შესანიშნავი პასი გაუკეთა. ნახევარმცველმა რთული კუთხიდან ძლიერად და დიაგონალურად დაარტყა, რითაც “ალავესის” მეკარე ანტონიო სივერას აჯობა.
არანაკლებ შთამბეჭდავი იყო მისი ორი საგოლე გადაცემაც. პირველი გოლის ეპიზოდში პედრიმ ფერმინის მოძრაობა სწორად წაიკითხა და ტერფის გარე ნაწილით უზუსტესი პასი გაუკეთა. ფერმინმა ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც რაფინიას ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია.
მესამე გოლის დროს ფერმინმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები. ჰანსი ფლიკისთვის დამახასიათებელი მაღალი პრესინგისა და აგრესიული თამაშის შედეგად მან მეტოქეს ბურთი წაართვა, შემდეგ კი ტერფის გარე ნაწილით რაფინიას კიდევ ერთი საგოლე გადაცემა გაუკეთა.
ფერმინის შთამბეჭდავი სტატისტიკა
მიუხედავად იმისა, რომ ლამინ იამალი და რაფინია ხშირად ექცევიან ყურადღების ცენტრში, ფერმინის სტატისტიკაც არანაკლებ შთამბეჭდავია.
ესპანელ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში უკვე 6 გოლი აქვს გატანილი. აქედან 5 ლა ლიგაზე მოდის: ორი “ელჩესთან” და თითო “ატლეტიკთან”, “ვალენსიასა” და “ალავესთან”. კიდევ ერთი გოლი მან ჩემპიონთა ლიგაზე, “გალათასარაის” წინააღმდეგ გაიტანა.
ფერმინის ანგარიშზე 5 საგოლე გადაცემაცაა და ყველა მათგანი ლა ლიგაში შეასრულა. ორი ასისტი “ვალენსიასთან” მიითვალა, ერთი “ბეტისთან”, ხოლო კიდევ ორი “ალავესთან”.
ამრიგად, ფერმინმა “ბარსელონას” მიერ სეზონის პირველ 14 მატჩში გატანილი 57 გოლიდან 11-ში მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო რაოდენობის თითქმის 20%-ს შეადგენს.
მისი გავლენა თამაშზე იმდენად დიდი იყო, რომ ჰანსი ფლიკმა, მიუხედავად სოლიდური უპირატესობისა, ნახევარმცველის მოედანზე დატოვება გადაწყვიტა. მწვრთნელმა ფერმინს აუხსნა, რომ ფრენკი დე იონგის შეცვლას აპირებდა და მას თამაშის გაგრძელება მოუწევდა, თუმცა ძალები უნდა დაეზოგა.
ფერმინის შეჩერება ადვილი არ არის. ახალგაზრდა ფეხბურთელი თითოეულ ეპიზოდში ბოლომდე იხარჯება და თამაშში მაქსიმალურადაა ჩართული.
დანი ოლმოს ტრავმის გათვალისწინებით, ფერმინის მნიშვნელობა “ბარსელონასთვის” კიდევ უფრო იზრდება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ტემპი შეამციროს.




forum კომენტარები (0)