“ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ კვირას ლა ლიგის ცენტრალური შეხვედრა “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ შეუფერხებლად ჩატარდება. ეს განცხადება კლუბის არამუდმივი (სეზონური) თანამშრომლების კოლექტივის მიერ უქმეებზე დაგეგმილ გაფიცვას მოჰყვა.
მხარეებს შორის კატალონიის შრომით ტრიბუნალში (Tribunal Laboral de Catalunya) გამართული საარბიტრაჟო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. შესაბამისად, გაფიცვა ძალაში დარჩა – პროტესტი 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან დაიწყება და 26 ოქტომბრის 06:00 საათამდე გაგრძელდება.
სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 60 თანამშრომლისგან შემდგარი ჯგუფი სამუშაო პირობების გაუარესებასა და კლუბის ობიექტებზე სპორტული ღონისძიებების ლოგისტიკის უზრუნველსაყოფად პერსონალის დეფიციტს გააპროტესტებს.
კლუბის პოზიცია და სრული მზადყოფნა
საინფორმაციო სააგენტო EFE-სთან საუბარში “ბარსელონას” წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ გაფიცვის მიუხედავად, უქმეებზე ყველა პროფესიონალური გუნდის საშინაო შეხვედრა გეგმის მიხედვით გაიმართება – როგორც “სპოტიფაი კამპ ნოუზე”, ისე “იოჰან კრუიფის სტადიონსა” და “პალაუ ბლაუგრანაზე”, ასევე აკადემიის გუნდების მატჩები “სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერის” ბაზაზე.
კატალონიურ კლუბში ირწმუნებიან, რომ გააჩნიათ საკმარისი ორგანიზაციული რესურსი ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევის მოსაგვარებლად და მატჩების ჩასატარებლად ისე, რომ თანამშრომელთა კანონსაწინააღმდეგო ჩანაცვლების პრაქტიკას არ მიმართონ.
სხვა შეხვედრები, რომლებიც გაფიცვის პერიოდს ემთხვევა
“რეალ მადრიდთან” საფეხბურთო ელ კლასიკოს გარდა, გაფიცვის დღეებში კლუბის სხვა გუნდების მნიშვნელოვანი მატჩებიცაა ჩანიშნული:
- ქალთა საფეხბურთო გუნდი – გრანადა (იოჰან კრუიფის სტადიონი, Liga F, შაბათი, 24 ოქტომბერი, თბილისის დროით 22:30 სთ)
- ხელბურთის გუნდი – რები კუენკა (პალაუ ბლაუგრანა, Liga Asobal, პარასკევი, 23 ოქტომბერი, თბილისის დროით 21:00 სთ)
- საკალათბურთო გუნდი – კასადემონტ სარაგოსა (პალაუ ბლაუგრანა, Liga Endesa, შაბათი, 24 ოქტომბერი, თბილისის დროით 23:00 სთ)
forum კომენტარები (0)