“პარი სენ-ჟერმენთან” განცდილი მარცხის (2-4) შემდეგ, რომელშიც “ბარსელონას” ლუის ენრიკეს გუნდის შემტევი ძალის წინააღმდეგ სერიოზული პრობლემები შეექმნა, ჰანსი ფლიკმა პრესკონფერენციაზე მომხდარისგან პოზიტიური დასკვნების გამოტანა სცადა. გერმანელმა სპეციალისტმა დაშვებული შეცდომები აღიარა, ფიზიკური გადაღლა ერთ-ერთ მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად დაასახელა და ახალგაზრდა ჩავი ესპარტის თამაში გამოარჩია.
“ეს ჩვენთვის დიდი გამოცდა იყო და დღეს ნათლად დავინახეთ ის კომპონენტები, რომლებშიც მომატება გვჭირდება. ამასთან ერთად, კარგი მომენტებიც შევამჩნიე”, – განაცხადა ფლიკმა.
მწვრთნელს არ დაუმალავს სირთულეები, რომლებიც გუნდს განსაკუთრებით შეხვედრის ბოლო წუთებში შეექმნა, თუმცა მომხდარის მხოლოდ უარყოფით ჭრილში შეფასებაზე უარი თქვა:
“ვფიქრობ, ორივე გუნდის შესრულებით ფანტასტიკური მატჩი ვიხილეთ. შეცდომები დავუშვით და ბურთები დავკარგეთ, რაც აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ. პსჟ-მ დაამტკიცა, რომ ჩვენზე უკეთესი იყო. წავაგეთ, თუმცა ამ შეხვედრიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ”.
გადაღლილობა და სეზონის პერსპექტივა
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რითაც ფლიკმა “ბარსელონას” პრობლემები ახსნა, ბოლო კვირებში დაგროვილი დაღლილობა იყო. მან ხაზი გაუსვა ფეხბურთელების მიერ გაღებულ ენერგიას და აღნიშნა, რომ გასული მატჩის შემდეგ მეტეოროლოგიური პირობების გამო ერთი დღით დაგვიანებით დაბრუნებამ სრულფასოვან აღდგენას ხელი შეუშალა:
“უნდა გვესმოდეს, რომ შეცდომებს მაშინ უშვებ, როცა სათანადოდ დასვენებული არ ხარ. ჩვენ არ ვიყავით ენერგიულები. ბოლო კვირები დაუჯერებელი იყო და ჩემი ფეხბურთელების მენტალიტეტსა და დამოკიდებულებას ძალიან ვაფასებ, დღეს კი ეს ფიზიკური დაღლა დაგვეტყო. გარკვეულ მომენტებში ბრწყინვალედ გამოვიყურებოდით, თუმცა საჭირო აღდგენა ვერ გავიარეთ. ეს თავის გასამართლებელი მიზეზი არაა, უბრალოდ იმის ახსნაა, რატომ არ ვიყავით უმაღლეს დონეზე”.
მიუხედავად მარცხისა, მწვრთნელმა აღნიშნა, რომ შედეგის დრამატიზება არ ღირს:
“ოქტომბერში ტიტულები არ იგება, ჩემპიონთა ლიგის ბედი ივნისში წყდება”.
პრობლემები დაცვაში და ჟოან გარსიას სეივები
პსჟ-მ არაერთი მომენტი შექმნა და კატალონიელთა შეცდომები ოთხი გატანილი გოლით დასაჯა. “ბარსელონას” პარიზელთა სწრაფი კონტრშეტევების შეკავება აშკარად გაუჭირდა:
“ვფიქრობ, ბოლო წუთებში, მას შემდეგ, რაც ანგარიში 2-3 გახდა, გუნდი ოდნავ მოიშალა. მატჩის ღრმა ანალიზია საჭირო, თუმცა ბევრი კარგი დეტალიც დავინახე, რაც უნდა განვავითაროთ. ნეგატიურად განწყობილი არ ვარ, პოზიტივს ვინარჩუნებ”.
ფლიკმა მეკარე ჟოან გარსიაც შეაქო, რომელმაც რამდენიმე ურთულესი ბურთის მოგერიებით გუნდი კიდევ უფრო მძიმე ანგარიშს გადაარჩინა:
“პსჟ-ს უამრავი მომენტი ჰქონდა და ჟოანი ფანტასტიკურად იდგა. ჩვენც გვქონდა ბევრი შანსი და ჩვეულებრივ ასეთი გოლები გაგვაქვს ხოლმე. თამაშს მეტი სიმშვიდით, უკეთესი პოზიციონირებითა და შეკრულობით უნდა მივუდგეთ. ხაზებს შორის ამხელა დისტანცია აღარ უნდა დავუშვათ”.
ჩავი ესპარტის აღიარება და დანი ოლმოს ტრავმა
მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი ახალგაზრდა ჩავი ესპარტი გახდა. ლა მასიის აღზრდილმა მარჯვენა მცველის პოზიციაზე შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და დროებით ანგარიშის გათანაბრებაც შეძლო:
“ჩავი ესპარტი დაუჯერებელ დონეზეა. გასულ წელს მისი პროგრესით გაოცებული დავრჩი, შემდეგ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და პირდაპირ ჩვენთან მოვიდა. მას შემდეგ ის სტაბილურად მაღალ დონეს აჩვენებს. მისთვის ასეთი მეტოქის წინააღმდეგ დაცვაში თამაში ადვილი არ იყო, თუმცა უდიდესი მატჩი ჩაატარა”.
შეხვედრის უარყოფითი ეპიზოდი დანი ოლმოს დაზიანება გამოდგა, რომელმაც მოედანი პირველ ტაიმში დარტყმის მიღების შემდეგ დატოვა:
“ოლმო ძალიან იმედგაცრუებულია. ტრავმის სირთულე ჯერ არ ვიცით, სამედიცინო შემოწმებას უნდა დაველოდოთ”.
როდრის დასვენება ელ კლასიკოს წინ
ფლიკმა ასევე განმარტა, რატომ დაიწყო მატჩი სასტარტოში მარკ ბერნალმა როდრი ერნანდესის ნაცვლად:
“დილით როდრის ვესაუბრე და ავუხსენი, რომ სასტარტოში ბერნალი ითამაშებდა. ვიცით, რამდენად დიდი ენერგია დაახარჯა როდრიმ ბოლო მატჩებს და რამდენად ბევრი სათამაშო წუთი დაუგროვდა. ბერნალმა ითამაშა და კარგი მატჩი ჩაატარა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როდრი კი ‘რეალ მადრიდთან’ ელ კლასიკოს სრულიად დასვენებული და ენერგიული შეხვდება”.
აგერ თვითონ იძახის როდრი დავასვენეო! არანაირი დისკომფორტი არ ქონდა ვარჯიშზე. პედრის მარტო შეგდებას ამ თამაშში არ ჯობდა როდრიც და პედრიც ერთად ყოფილიყვნენ, გადაინაწილებდნენ დატვირთვებს და მარტო პედრის არ მოუწევდა ომი
კაროჩე რაც გინდა მაგარი იყოს, რა ვქნა ვერ ვიყვარებ ბოლომდე ამ ნემეცს, არ ვიცი რატო, მარა ასე ვარ და ჩემნაირადაც ბევრი იქნებით. განა რა უნდა ვთქვა, ლა ლიგა მოიგო კაცმა ზედიზედ, ამდენი კლასიკო, მარა მგონია რო ამის ხელში ლიგა არ გვეღირსება. აი სესკი მოიხოდოს და ისევ ჩვენიანი თუ დაგვაბრუნებს მწვერვალზე, როგორც ლუჩო და პეპი, არ ეტყობა ენრიკეს რა სკოლაცაა? სადაც იჭე.ს იქ ხმა.ობს გინდ ასე თქვით და გინდ ისე. მეორეც, ლაფიდან ბარსა უფრო ხავიმ ამოიყვანა ვიდრე ამან, რა მდგომარეობაში დახვდა ხავის ბარსა, და მალევე გუნდს კლასიკო მოაგებინა და ლა ლიგა მიაყოლა, იამალის დებიუტიც მის ხელში შედგა და.შ. ბევრმა ტრავმიანობამ და რიგმა ფაქტორებმა შეუშალა ხელი.
ფლიკი ლამაზი ფეხბურთის მიმდევარია და მაგრად მევასება, მაგრამ ტაქტიკურად 0 ია. რით აღარ გეყოგ ეს გამოცდები და ძეცდომებჯ სწავლისთვის. გორდონებით და ფერმინებით ლიგის მოგების არმჯერა.