რაფინიამ ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის გახსნით ტურში საუკეთესო თვისებები კვლავ გამოავლინა. ბრაზილიელი შემტევი მოედანზე ისევ ცენტრფორვარდის, ცხრიანის პოზიციაზე გამოჩნდა და როტერდამის “ფეიენორდის” კარში ორი გოლი გაიტანა.
პირველ ეპიზოდში მან ცრუმოძრაობით ორი მეტოქე გააცურა და ბურთი ბადეში ისე გაახვია, მეორე შემთხვევაში კი ცენტრალურ მცველებს შორის დროულად გაიხსნა და პედრის ბრწყინვალე პასი ცივსისხლიანად გამოიყენა.
საფინალო სასტვენის შემდეგ კატალონიელთა კაპიტანი გუნდის გარჯით ძალიან კმაყოფილი დარჩა:
“როდესაც ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობთ, თითქმის სრულყოფილი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ. პირველივე წუთებიდან ძალიან კარგად გამოვიყურებოდით და მატჩს სრულად ვაკონტროლებდით. ასეთი სტარტი უდიდეს თავდაჯერებას გვმატებს.
სეზონს ბევრი აღმასვლა და ჩავარდნა ახლავს. გვინდა ასე გავაგრძელოთ, ჩავარდნები მინიმუმამდე დავიყვანოთ და სტაბილურად კარგი შეხვედრები ჩავატაროთ.”
ლამინ იამალის გამხნევება და ჯარიმა
რაფინიამ განსაკუთრებული ყურადღება ლამინ იამალს დაუთმო. საჯარიმო დარტყმით ულამაზესი გოლის გატანის შემდეგ 19 წლის შემტევი პირველ რიგში სწორედ ბრაზილიელთან მივიდა ჩასახუტებლად, მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში სტანდარტულებს ძირითადად თავად რაფინია ასრულებდა:
“ლამინს კარგად ვიცნობ. ვიცი, როდის იწყებს მატჩიდან გათიშვას, როცა რაღაც ისე არ გამოსდის, როგორც სურს. ვცდილობდი გამემხნევებინა და ვეუბნებოდი, რომ გოლს აუცილებლად გაიტანდა, რათა თამაშზე კონცენტრაცია არ დაეკარგა.
ძალიან მიხარია, რომ გაიტანა. ეს გოლი მას ნამდვილად სჭირდებოდა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ გასახდელში ერთმანეთის წარმატებით ყველანი ვხარობთ.”
რვა გოლი ხუთ მატჩში და ოქროს ბურთი
სეზონის ფენომენალურ სტარტზე საუბრისას – რაფინიამ საწყის ხუთ შეხვედრაში უკვე რვა გოლი გაიტანა – ბრაზილიელმა ღიმილით მოკლედ თქვა:
“უბრალოდ ბევრს ვმუშაობ.”
თუმცა, მისი სახის გამომეტყველება მაშინვე შეიცვალა, როდესაც ჟურნალისტებმა France Football-ის მიერ გამოქვეყნებული “ოქროს ბურთის” ნომინანტთა სია შეახსენეს, სადაც ის ვერ მოხვდა. რაფინიამ თემას მკაცრად და მოკლედ დაუსვა წერტილი:
“მე ამაზე არ ვსაუბრობ. მე ‘ბარსელონაზე’ ვსაუბრობ – ჩვენ ბრწყინვალე სეზონს ვატარებთ.”
forum კომენტარები (0)