“მალაგასთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ტიტო ვილანოვა ჟურნალისტებს ესაუბრა: “მოხარულები ვართ 100 ქულის მოპოვებით, ასევე გვიხარია, რომ გატანილი გოლების რაოდენობით ახალი რეკორდი დავამყარეთ, პირველ რიგში კი “მალაგას” წინააღმდეგ თამაშით ვარ კმაყოფილები”. ტიტომ დასძინა: “საბოლოო ჯამში ძალიან კარგი სეზონი გამოვიდა. არის რეკორდები, რომელთა გაუმჯობესებასაც ვეღარ შევძლებთ, მაგალითად ცხრილის სათავეში ყოფნას პირველი ტურიდან ბოლო ტურამდე. ყველაფრის მიუხედავად კიდევ ერთი სეზონი დავასრულეთ წარმატებით, ვფიქრობ, რომ მიღწეული შედეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ”.
ტიტო ვილანოვამ ასევე ახსნა მიზეზი, თუ რატომ არ იყო ვალდესი სასტარტო შემადგენლობაში: “ჩვენ რამდენჯერმე ვილაპარაკეთ და შევთანხმდით, რომ ვიქტორი ამ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდა. მან მე გამიგო. ვიქტორი ჩვენთან მომავალ სეზონშიც დარჩება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თასი უკვე მოგებული გვაქვს, მსურდა სხვა ფეხბურთელებისთვისაც მიმეცა შანსი. მსურს, რომ ვალდესი ბედნიერი იყოს და თუ ის უფრო ბედნიერი სხვა კლუბში იქნება მე მას ყველანაირად დავეხმარები, ამ შემთხვევაში ჩვენ სხვა მეკარეს შევიძენთ”.
როდესაც ტიტოს აბიდალის გაცილებაზე ჰკითხეს მწვრთნელმა გულწრფელად უპასუხა: “ნამდვილად ემოციური საღამო იყო. რამდენიმე მომენტში დარჩენაც კი გამიჭირდა. მე ერიკს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.”
კატალონიელმა მწვრთნელმა რამდენიმე ფეხბურთელზე გაამახვილა ყურადღება. ტიაგოსა და ტელიოზე მან განაცხადა, რომ ორივე ფეხბურთელი გუნდისთვის ძალიან მნიშვენელოვანია, როგორც ახლა ისე მომავალში: “მოხარულები ვიქნებით, თუ ტიაგო მომავალ სეზონშიც დაეხმარება გუნდს. მე მას სრულიად ვენდობი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მასზეა. მან უნდა იცოდეს, რომ გუნდში კონკურენცია ძალიან დიდია”.
ბოლოს ვილანოვამ პედროს, ალექსისსა და ზოგადად გუნდზეც გააკეთა კომენტარი: “პედრომ სეზონის განმავლობაში საკმაოდ კარგად იასპარეზა, რაც შეეხება ალექსისს, ის უფრო მეტად თავდაჯერებულია, რის გამოც სეზონის მეორე ნახევარში უკეთ ასპარეზობდა ვიდრე პირველში. საბოლოოდ კი მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ კარგი სეზონი ჩავატარეთ”.


