“ბარსელონას” ფეხბურთელმა ბრაზილიელ თავდამსხმელ პატოსთან ერთად მონაწილეობა მიიღო “Google +”-ის მიერ გამართულ “შოუში” “Hangout”, სადაც 2013 წელს ბრაზილიაში გასამართ კონფედერაციის თასზე ისაუბრა. ფეხბურთელებთან ერთად შოუში მონაწილეობდა რამდენიმე ჟურნალისტი და გულშემატკივარი.
ინიესტამ პატო შემდეგნაირად დაახასიათა: “ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. განსაკუთრებით დამამახსოვრდა მისი გოლი “ბარსელონას” კარში, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე “მილანს” ვუპირისპირდებოდით.” პატომ კი ესპანელზე თქვა: “ინიესტას წინააღმდეგ თამაში უდიდესი სიამოვნებაა, ის ბრწყინვალე ფეხბურთელია. რაც შეეხება “ბარსას”, ის ყოველთვის ძლიერი გუნდი იყო, ამ გუნდს ბევრი ტიტულის მოგებას ვუსურვებ”.
ინიესტამ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებსა და მათთან დაპირისპირებაზეც ისაუბრა: “დაუპირისპირდე ბრაზლიას “მარაკანაზე” არც ისე ხშირია. პატოს, ნეიმარისა და სხვა ბრაზილიელი ფეხბურთელების წინაშე თამაში არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული იქნება”.
ინიესტას მსგავსად პატოსაც სურს იხილოს ესპანურ–ბრაზილიური ფინალი: “ეს იქნება ყველასთვის საოცნებო და ძალიან სანახაობრივი ფინალი.”
