
დანი ალვესი (ჟუაზეირუ, ბრაზილია, 1983) “ბარსას” ხანგრძლივ ისტორიაში საუკეთესო მარჯვენა მცველად მიიჩნევა. იგი 2008 წელს “სევილიადან” გადმოვიდა, უკვე ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მცველის რეპუტაციით.
“სევილიაში” გატარებული ხუთი წარმატებული სეზონის შემდეგ, დანი ალვესი “ბარსელონას” 2008 წლის ზაფხულში შეუერთდა. ფიზიკური ძალის გამო მშობლიურ ბრაზილიაში მას “ტარანტული” შეარქვეს და იგი მალევე იქცა “ბლაუგრანას” მარჯვენა მცველის პოზიციაზე უდავო პირველ არჩევნად. “ბარსას” მაისურით გატარებულ ცხრა სეზონში მან 408 მატჩი ჩაატარა, რაც საშუალოდ სეზონში 45 თამაშს შეადგენდა. დაცვაში საიმედოობით, ფლანგზე თავბრუდამხვევი გარღვევებითა და საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმებით იგი “ბლაუგრანას” ოთხი სხვადასხვა მწვრთნელისთვის (პეპ გვარდიოლა, ტიტო ვილანოვა, ტატა მარტინო და ლუის ენრიკე) უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. გარდა ამისა, გუნდისადმი მისმა თავდადებამ და ექსტრავერტულმა ხასიათმა იგი “ბარსას” გულშემატკივართა საყვარელ მოთამაშედ და გუნდის მრავალი წარმატების აღნიშვნის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად აქცია.
2016 წლის ზაფხულში დანი ალვესმა კლუბი დატოვა. მან ითამაშა “იუვენტუსში”, პსჟ-სა და “სან-პაულუში”, სანამ 2022 წლის იანვარში ისევ “ბლაუგრანას” მაისურს მოირგებდა. 38 წლის ასაკში ალვესი “ბარსაში” დაბრუნდა, რათა ჩავი ერნანდესის განკარგულებაში ჩამდგარიყო და “კულეების” მიერ სეზონის მეორე ნახევრის კარგად ჩატარებაში თავისი წვლილი შეეტანა.
2022 წლის ზაფხულში წასვლის მომენტისთვის დანი ალვესი “ბარსას” ისტორიაში უცხოელ მოთამაშეებს შორის ჩატარებული მატჩების რაოდენობით მხოლოდ ლეო მესის ჩამორჩებოდა. ამასთან, იგი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. გულშემატკივრებს არასდროს დაავიწყდებათ მისი და მესის ტანდემის რეიდები მარჯვენა ფლანგზე, რაც მეტოქეთა დაცვას უდიდეს ზიანს აყენებდა.
კარიერა
- სეზონები “ბარსაში”: 2008-2016 და 2022
- თამაში: 408
- გოლი: 22
ტიტულები
- 3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2009/10, 2011/12, 2015/16)
- 3 ჩემპიონთა ლიგა (2008/09, 2010/11, 2014/15)
- 3 ევროპის სუპერ თასი (2009/10, 2011/12, 2015/16)
- 6 ლა ლიგა (2008/09, 2009/10, 2010/11, 2012/13, 2014/15, 2015/16)
- 4 ესპანეთის თასი (2008/09, 2011/12, 2014/15, 2015/16)
- 4 ესპანეთის სუპერ თასი (2009/10, 2010/11, 2011/12, 2013/14)
- 2 კატალონიის თასი (2012/13, 2013/14)
- 1 კატალონიის სუპერ თასი (2014/15)