“ბარსას” მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ჩემპიონატის დაუმარცხებლად დასრულება ძალიან რთული იქნება, მაგრამ აღიარებს, რომ მეორე ადგილოსან მადრიდის “ატლეტიკოსთან” 11 ქულიან სხვაობაზე სეზონის სტარტზე ვერც იფიქრებდნენ.
ვილანოვას “ბარსელონამ” პრიმერას პირველი წრე რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა – შესაძლიო 57 ქულიდან გუნდმა 55 აიღო. გუნდის თავკაცი, რომელიც “ლა როსალედაზე” სათადარიგო სკამზე იყო ამ მიღწევით ამაყია: “ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, თუ როგორ დავასრულეთ პირველი წრე. ფანტასტიკაა, რადგან ჩვენ 10 გასვლით შეხვედრაში ვიმარჯვეთ“.
“საკუთარი თავი დაუმარცხებლად არ უნდა მივიჩნიოთ”
მწვრთნელმა ფეხბურთელები შეაქო მიმდინარე სეზონში ნაჩვენები ხასიათის გამო: “ჩვენ შესანიშნავი მოთამაშეები გვყავს. მათთან ერთად გასული 4 წელი გავატარეთ, ამიტომაც თამაშის კონცეფცია იდეალურად იციან. ამას გარდა ისინი მზად არიან გამარჯვებების გასაგრძელებლად. საკუთარი თავი დაუმარცხებლად არ უნდა მივიჩნიოთ. ყველაფერი, რასაც ახლა მივაღწიეთ ჩვენი შრომის და გამარჯვების სურვილის დამსახურებაა. იმ დღეს, როცა თავს მოდუნების საშუალებას მივცემთ დავმარცხდებით. ჩვენ ვალდებულები ვართ ფორმაში ვიყოთ“.
მეორე წრეში ყურადღებით
“სეზონის მეორე ნახევარში აღებული ტემპის შენარჩუნება ადვილი არ იქნება, თუმცა ეს ნორმალურია. რაც შეეხება ლა ლიგაში დარჩენილ 19 შეხვედრას, ჩვენ რთული გასვლები გველის “სანტიაგო ბერნაბეუზე” და “ვისენტე კალდერონზე”. მადრიდის “ატლეტიკოსთან” 11 ქულიან უპირატესობაზე სეზონის დასაწყისში ვერც ვიფიქრებდით. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და არ გავჩერდეთ მიღწეულზე. პრიმერას მოგებულად ვერ ჩავთვლით, წინ ხომ 19 შეხვედრაა“.
მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ ეს შეხვედრა სათასო დაპირისპირებაზე არ იმოქმედებს: “ყოველი მატჩი – ეს ცალკეული შეხვედრაა“. ტიტომ ასევე დავიდ ვილიაზეც გააკეთა კომენტარი: “ის გუნდიდან არ მიდის. ჩვენ ვიცით, თუ როგორი მნიჩვნელოვანია ის ჩვენთვის“.


