დაახლოებით ერთი წლის წინ საფეხბურთო სამყარო უსიამოვნო სიახლემ მოიცვა. “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციიდან რამდენიმე წუთში სოციალური ქსელები და სხვადასხვა სპორტული გამოცემების გარეკანები ერიკ აბიდალის სურათებით აჭრელდა. ფრანგ მცველს ღვიძლის სიმსივნე აღმოაჩნდა.
შარშან აბიდალი კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებდა, თუმცა შემზარავმა დაავადებამ ყველაფერი შეცვალა და ფრანგი მცველი ფეხბურთს დროებით ჩამოაშორა. მის გასამხნევებლად თანაგუნდელები, მეტოქე გუნდის ფეხბურთელები თუ მწვრთნელები მაქსიმალურად იხარჯებოდნენ. ერიკს ოპერაცია ჩაუტარდა და არასრული 2 თვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ იგი გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ დაუბრუნდა. ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/2 ფინალურ შეხვედრის 90-ე წუთზე “კამპ ნოუს” ტრიბუნები ოვაციებმა მოიცვა. ამის მიზეზი კი ერიკის დაბრუნება გახდა. მატჩის დასრულების შემდეგ თანაგუნდელებმა აბიდალი ოლიმპიური ჩემპიონივით ცაში ააგდეს. ყველაზე “გმირული” გადაწყვეტილება კი “ბარსელონას” კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა მიიღო ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, პუიოლი ერიკს მიუახლოვდა და კაპიტნის სამკლაური გადასცა, შედეგად სწორედ ფრანგმა აღმართა ყველა ფეხბურთელისთვის ესოდენ სანატრელი ჩემპიონთა ლიგის თასი.
[media=http://www.youtube.com/watch?v=FHpP-BH5RGg]
დაავადების აღმოჩენის შემდეგ ერიკის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მისივე თქმით მან სიკვდილს თვალებში ჩახედა და მიხვდა, რომ ცხოვრება გაცილებით ტკბილია, ვიდრე ეს გგონიათ. აბიდალმა მაშინ უამრავი თანხა გადარიცხა სიმსივნით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ.
ყველანი აღნიშნავენ, რომ ერიკი ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული ადამიანია გუნდში. “ბარსაში” გადასვლის შემდეგ აბიდალმა არაერთხელ მოაწყო წვეულება საკუთარ სახლში და დაპატიჟა ყველა თანაგუნდელი. ამით მან საფუძველი ჩაუყარა იმ მეგობრობას, რომელიც მწვანე მინდორს გასცდა და უფრო შეაკავშირა ერთმანეთს ის ხალხი, რომელიც “ბარსას” ღირსებას იცავს.
დღეს კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერიკ აბიდალს რამდენიმე კვირაში ღვიძლის გადანერგვას გაუკეთებენ. სამწუხაროა, რომ ის გუნდს ისევ დააკლდება, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ მას წელსაც ისეთივე ტკბილი დაბრუნება ექნება, როგორც ეს შარშან მოხდა.
ANIMO ABIDAL!!!
