გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, თუ ვინ არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი დღევანდელ სამყაროში, კოლუმბიელი მომღერალი შაკირა უდავოდ მოწინავე ადგილზე აღმოჩნდებოდა. პოპ-მუსიკის ნამდვილი ფენომენი მღერის როგორც ინგლისურ, ასევე ესპანურ ენებზე, აღწევს წარმატებებს ყველა კონტინენტზე და ჰყავს მილიონობით გულშემატკივარი.
უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ არტისტი აქტიურად დაუკავშირდა ლამაზ თამაშს. გარდა იმისა, რომ მან 2006 და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატების ჰიმნი შეასრულა, შაკირა ჩაერთო ფეხბურთთან დაკავშირებულ სოციალური კეთილდღეობის პროექტებში და მისი ამჟამინდელი პარტნიორი გახდა ესპანეთისა და “ბარსელონას” მცველი ჟერარდ პიკე. შაკირამ აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით ინტერვიუ მისცა FIFA.com-ს.
FIFA.com: შაკირა, როგორ ჩაერთეთ ფეხბურთში თავდაპირველად?
შაკირა: 2006 წელს მე მთხოვეს, რომ მემღერა გერმანიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე და 2010 წელსაც აღმოვჩნდი ის იღბლიანი, რომელსაც კვლავ მომმართეს ანალოგიური თხოვნით. აქ მე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დაუვიწყარი დრო გავატარე: სამხრეთ აფრიკაში გამართულმა მსოფლიო ჩემპიონატმა შეცვალა ჩემი როგორც პირადი, ასევე კარიერული ცხოვრება. სწორედ მაშინ, მსოფლიო ჩემპიონატებზე გავაანალიზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აკისრია ფეხბურთს მილიარდობით ადამიანისთვის, ასევე იმ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, რომლებც უამრავ დროს ატარებენ ფეხბურთის თამაშში.
ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა რამ მოახდინა თქვენზე?
კულტურულმა დონემ, რომელიც დგება მსოფლიო ჩემპიონატის დროს, როცა ხალხი იზიარებს ერთმანეთის ემოციებს, უახლოვდებიან ერთმანეთს და ხდებიან უფრო ერთიანები. ეს ყველაფერი არის სოციალური ფენომენი, რაც ძალიან მაინტერესებს. ამავდროულად ძალიან სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი იმ სოციალური მუშაობით, რომელიც FIFA-მ ჩაატარა One Goal კამპანიაზე, რომლის ნაწილიც გავხდი თავად მე. შედეგად, ამ ყველაფერმა ჩემი გამოცდილება უფრო მრავალფეროვანი გახადა, რადგან ამ ბაზისზე მუშაობისას ჩვენ შევძელით პრომოუშენი განათლებისა, რომელიც ჩემს უდიდესს ინტერესს წარმოადგენს. ახლა კი ფეხბურთის მთავარი მოვლენა ჩემთვის სახლშია (იცინის). ესეთი გრძნობა მაქვს, რომ ფეხბურთი დამყვება ყველგან და მას თავს ვერ ვარიდებ.
ფეხბურთი ძალიან პოპულარულია კოლუმბიაში. თქვენი ოჯახის წევრები მისი გულშემატკივრები არიან?
ჩემი ძმები კი, მაგრამ მამაჩემს არასდროს აინტერესებდა ეს სპორტი. ახლა კი, როცა მისმა ქალიშვილმა ცხოვრება ფეხბურთელს დაუკავშირა, იგი დაინტერესდა – ვფიქრობ, მან წესებიც ისწავლა. საქმე ისაა, რომ მამაჩემი ყოველთვის იყო ასე ვთქვათ წიგნების ჭია, ყოველთვის აინტერესებდა ინტელექტუალური სამუშაოები, მაგრამ ვერავინ გაექცევა ფეხბურთის აურზაურის ვნებებს.
თქვენი მაგალითი ამისთვის გამოდგება…
საქმე ისაა, რომ, როცა ფეხბურთის გაგებას იწყებ, ხვდები, რომ ეს არ არის უბრალოდ ფიზიკური ძალა და ბურთის სდევნა. ეს არის სტრატეგიული სპორტი, რომელიც დიდ ინტელექტს მოითხოვს. ეს გონებრივი თამაშია.
შეგიძლიათ, რომ მატჩს თავიდან ბოლომდე ადევნოთ თვალი?
რა თქმა უნდა!
მაშინაც, როცა პიკე არ თამაშობს?
მმ… (იცინის), დიახ, დიახ. მე სხვა თამაშებიც მინახავს და ბევრი მისწავლია, რადგან ძალიან ცნობისმოყვარე ვარ. ასევე მინახავს სხვა გუნდის თამაშებიც და აუცილებლად ვუყურებ ყველა იმ მატჩს, რომელშიც პიკე იღებს მონაწილეობას.
არ არის რთული ცხოვრება ფეხბურთელთან, რომელსაც აქვს სულ ვარჯიშები, თამაშები და უწევს მოგზაურობა?
არც ისაა მარტივი, როცა გვერდით მომღერალი გყავს (იცინის). სიმართლე გითხრათ, კარგად მესმის, რომ ეს ძალიან რთული პროფესიაა, რომელიც მოითხოვს თავდადებას, პასიხისმგებლობას, დისციპლინას და გუნდურ მუშაობას, რაც ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც მე ვაკეთებ. მე საკუთარი თავის გარდა არავის წინაშე არ ვარ ვალდებული, მაგრამ ფეხბურთელი ჯარისკაცივითაა და ატარებს უდიდეს პასუხისმგებლობას როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ეს მე გავაანალიზე და ამიტომ ყოველთვის მხარში ვუდგავარ ჟერარდს, როცა კი მას ვჭირდები.
ოდესმე გიცდიათ ფეხბურთის თამაში?
მე მირჩევნია სიმღერა და ამით გულშემატკივრებისთვის სიამოვნების მოგვრა. ჟერარდმა რამდენჯერმე სცადა ბურთით პასის გაკეთება ჩემთვის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამ საქმეში გამოვდგები!
თქვენ ორჯერ გამოჩნდით FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატებზე. მომდევნო მუნდიალი ბრაზილიაშია. გახარებთ ის ფაქტი, რომ შესაძლია სამხრეთ ამერიკის შეჯიბრშიც ამოყოთ თავი?
რა თქმა უნდა! ბრაზილია ის ქვეყანაა, რომელიც ძალიან მიყვარს. მე იქ მყავს უამრავი გულშემატკივარი, რომლებთანაც წლები მაკავშირებს, ასევე ახალგაზრდა შემსრულებელი ივეტე სანგალო და უდიდესი ფიგურა პელეს სახით. სიამოვნებით წავალ აღნიშნულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ზუსტად არ ვიცი რა დატვირთვით, მაგრამ უდავოდ იქ ვიქნები. ვიცი, რომ არავის სურს ამ მოვლენის გამოტოვება, მითუმეტეს მე.
საუბრის ბოლოს, შეგიძლიათ, გვესაუბროთ თქვენს სოციალურ პროექტებზე, რომელიც ფეხბურთს უკავშირდება?
მჯერა, რომ ფეხბურთის პრომოუშენი ბავშვების განათლების ერთ-ერთი გზაა. სხვათაშორის, ს/კ “ბარსელონასა” და ჩემი Pies Descalzos ფონდის მეშვეობით ჩვენ უამრავი პროექტი დავნერგეთ სკოლებში, ავაშენეთ ბაზები იმ ადგილებში, სადაც ბავშვებს უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრება უწევთ. ასევე FIFA-სთან ერთად განვახორციელეთ One Goal კამპანია და Waka Waka-ს გაყიდვებით მიღებული თანხებით შევქმენით 20 ცენტრი (2010 წელს). მსიამოვნებს მონაწილეობის მიღება ფეხბურთის იმ ღონისძიებებში, რომლებიც სოციალური მიზნით იმართება. ჩემი აზრით, ბავშვების სპორტით ინსპირირება მათ ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობას უწყობს ხელს.


