შაბათს “კამპ ნოუზე” კატალონიის “ბარსელონასა” და ხიხონის “სპორტინგს” შორის გამართული მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ჟერარდ პიკე გააძევა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პიკემ პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ შესვენებაზე გასვლისას იგი არბიტრთან მივიდა და დაიჩივლა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა “ბარსას” სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა მაშინ, როცა ხიხონელებმა საკუთარ საჯარიმოში წააქციეს სეიდუ კეიტა, რაზეც პიკემ მსაჯისგან ასეთი პასუხი მიიღო: “გაჩუმდი, თორემ მოედნიდან გაგაძევებ.” მსაჯმა დანაპირები აასრულა და მართლაც, მეორე ტაიმის დასაწყისშივე “ბარსას” 3-ანს წითელი ბარათი უჩვენა. განაწყენებული პიკეს თქმით არბიტრი მიზეზებს ეძებდა, რათა მისთვის პირობა შეესრულებია.
ჟერარდ პიკეს ბრალდებამ დიდი აურზაური გამოიწვია. ფეხბურთელის განცხადებებს გამოეხმაურნენ სამსაჯო კომიტეტიდან და განაცხადეს, რომ “ბარსას” მცველს ამ განცხადებების გამო დასჯიდნენ.
ს/კ “ბარსელონამ” თავის მხრივ უმალვე მოახდინა რეაგირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კლუბის სპიკერმა, ტონი ფრეიხამ სპეციალური განცხადება გააკეთა და კლუბის სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა. “ჩვენ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში გავაგზავნეთ წერილი, რომელშიც ფორმალურად ვითხოვთ, რომ მოგვეწოდოს ინფორმაცია იმ ვითარებებსა და კრიტერიუმებზე, რომლითაც ხელმძღვანელობს სამსაჯო კომიტეტი, როდესაც ჩემპიონატის კომიტეტში შეაქვს საქმე დისციპლინარული დარღვევების განსახილველად.” ფრეიხამ წერილის შინაარსი მოკლედ ახსნა: “ჩვენ გვაინტერესებს როგორია თამაშის წესები.”

