მას შემდეგ, რაც ფლორენტინო პერესმა პირველად დაიკავა მადრიდის ”რეალის” პრეზიდენტის თანამდებობა განაცხადა: ”არავის წყენინება არ მსურს, მაგრამ ”რეალი” მსოფლიოს საუკეთესო ბრენდია”. 12 წლის შემდეგ ეს ფრაზა რეალობას არ შეესაბამება, როგორც გამოკვლევები აჩვენებენ. კვლევები ”La Vanguardia”-ს მთავარმა რედაქტორმა, კარლეს სალმურიმ ჩაატარა.
სალმურიმ ბოლო წლების განმავლობაში ორასზე მეტი ფოტო შეაგროვა, რომელიც 5 კონტინენტზეა გადაღებული, სადაც ”ბარსელონას” მაისურები, ისევე როგორც ”ბარსას” სხვა სუვენირები ხშირად ჩნდება არასაფეხბურთო კონტექსტებში. ეს გამოკვლევა ჩატარდა იმის გამო, რომ ეჩვენებინათ ”პლანეტა ბარსას” მნიშვნელობა მსოფლიოში. საუბარი მიმდინარეობს იმ კადრებზე, რომლებიც სხვადასხვა სააგენტოების ჟურნალისტებმა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მოულოდნელად გადაიღეს. საუბარია ისეთ სააგენტოებზე, როგორებიცაა ”Associated Press”, ”France Press”, ”Reuters” და ”Efe”. ყველაფერი შემთხვევით დაიწყო: იმ ფოტოებს შორის, რომელსაც ” La Vanguardia” ღებულობს იყო ისეთი კადრები, სადაც მთავარი გმირები ”ბარსას” სუვენირებით იყვნენ შემოსილნი. ამან კი კარლეს სალმურის თავისებური კოლექციის შეგროვება დააწყებინა.
ამ ფოტოებს შორის ერთ-ერთზე გამოსახულია ერაყის მცხოვრები, რომელიც მხურვალე მზეს ”ბარსელონას” ქოლგით ეფარებოდა. ფოტო 2008 წლის 25 აპრილს, ქალაქ მადინატ-ეს-სადრშია გადაღებული. ფოტო გადაიღეს, რათა ეჩვენებინათ, თუ რა შედეგი მოჰყვა ერაყის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ჯარის განლაგებას. ეს ფოტო ”The International Herald Tribune”-ის ყდაზე გამოქვეყნდა. კარლესის კოლექციის უკანასკნელი ფოტო 2011 წლის 24 ნოემბრით თარიღდება, როცა ხუთი პროტესტანტი მოკლეს აქციის დროს, სადაც იემენის ყოფილი პრეზიდენტის, ალი აბდალა სალეხის გასამართლებას ითხოვდნენ. ერთ-ერთ მათგანს ”ბარსელონას” მაისური ეცვა.
ამ კოლექციაში არის ლიბიელი პარტიზანის ფოტო, რომელსაც ”ბარსას” მაისური აცვია, ასევე 18 წლის ქურდი ”მარა სალვატრუჩას” ბანდიდან, რომელიც ციხეში გადაჰყავთ. მას ”ბარსელონას” ქურთუკი აცვია. ასევე არის ჯუბის მოხარული მცხოვრებლები ”ბარსას” მაისურებში, რომლებმაც ჩრდილოეთ სუდანისგან დამოუკიდებლობა მიიღეს. აქვე შეიძლება ახალგაზრდა პალესტინელის ნახვა, რომელიც მუსულმანების წმინდა წიგნს კითხულობს ა-ფურკამის მეჩეთში, ქალაქ ღაზაში რამადანის დროს. ის ლეო მესის ფორმითაა. ძალიან მოულოდნელი იყო ”ბარსას” ფორმის ხილვა სირიელ ლტოლვილთა ბანაკებში. აფრიკის მაცხოვრებელთა შორის, რომლებიც არალეგალურად ცდილობდნენ გომერში გადასვლას.
ასევე საინტერესოა ცნობილი ადამიანების ხილვა ”ბარსელონას” ფორმაში. მაგალითად ნელსონ მანდელა, შონ კონერი, სებასტიან ფეტელი, სპაიკ ლი, ბრიუს სპრინგსტინი, კობი ბრაიანტი, ბილ გეიტსი. ასევე ”ბარსას” ფორმაში შეგვიძლია ვიხილოთ შიმონ პერესი და მაჰმუდ აბასი. ისინი აჩვენებენ, რომ ფეხბურთს შეუძლია გააერთიანოს დაპირისპირებულები.
სულ ცოტა ხნის წინ თავად ”ბარსა” დარწმუნდა იაპონიაში, თუ რაოდენ ინტერესს იწვევს ის ხალხში. ”ბლაუგრანას” ფერებს ხალხი აღიქვამს, როგორც მონდომების, სოლიდარობის, პატივისცემის, გუნდური მუშაობის და სუფთა თამაშის ფერებს. ”იუნისეფის” ლოგო გუნდის მაისურზე ასევე დიდ პატივისცემას იწვევს ხალხში. რა თქმა უნდა, სპორტულმა წარმატებებმა ამაში უდიდესი წვლილი შეიტანა. არასდროს ყოფილა, რომ ამდენ ხალხს ”ბარსა” ეგრძნო საკუთრად, ძვირფასად იმ დონემდე, რომ მაისურების და სუვენირების გარდა ზეპირად სცოდნოდა მათი ჰიმნი.