“ბარსელონამ” ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ახალი კამპანია – “თანასწორობა ქმნის ღირებულებას” – წარადგინა. ინიციატივა იმ ქალების მნიშვნელოვან როლს უსვამს ხაზს, რომლებიც კლუბის ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობენ და მისი განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.
კატალონიური კლუბი უკვე წლებია, 8 მარტს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გენდერულ თანასწორობასა და ქალთა როლის გაძლიერებას სპორტში. ახალი კამპანია მიზნად ისახავს ამ თემის კიდევ უფრო ფართოდ წარმოჩენას და “ბარსელონას” გლობალურ საზოგადოებასთან ემოციური კავშირის გაღრმავებას.
კამპანია ხაზს უსვამს, რომ თანასწორობა “ბარსელონას” იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. კლუბში ქალები მუშაობენ სხვადასხვა სფეროში – სპორტულ, ადმინისტრაციულ, ოპერაციულ და სოციალურ მიმართულებებში – და ყოველდღიურად მონაწილეობენ იმ სისტემის შექმნაში, რომელიც ორგანიზაციის წარმატებას უზრუნველყოფს.
ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ვიდეო “Club Women”, რომელშიც წარმოდგენილნი არიან კლუბში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული ქალები. ვიდეოში ასევე მონაწილეობენ როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა გუნდის ფეხბურთელები, რომლებიც მათ საქმიანობასა და მნიშვნელობაზე საუბრობენ.
კამპანიის ფარგლებში კლუბი გულშემატკივრებსაც რთავს პროცესში. სპეციალური ფოტობუთი განთავსდება რამდენიმე ლოკაციაზე, სადაც “ბარსას” მხარდამჭერებს კამპანიის ვიდეოს ნახვის შემდეგ საკუთარი ემოციების დაფიქსირება და სოციალურ ქსელებში გაზიარება შეეძლებათ.
კამპანიის დასასრულს, 19 მარტს, კლუბი საკუთარ ოფისში წევრებისთვის სპეციალურ შეხვედრასაც გამართავს. ღონისძიება დაეთმობა ქალთა ლიდერობის თემას და მასში მონაწილეობას მიიღებენ კლუბის სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ქალები და კლუბის ქალთა გუნდის ფეხბურთელები.
“ბარსელონას” განცხადებით, ეს კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს კლუბის ერთგულებას თანასწორობისა და ინკლუზიური სპორტული გარემოს შექმნის მიმართ – პრინციპისადმი, რომელიც, მათი თქმით, კლუბის განვითარებისა და წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
ნეტა არ ატრაკებდეთ
მაგარია!!!!