გადაცემა ”Els imperdibles”-თან ინტერვიუში სანდრო როსელმა საკუთარი სურვილის შესახებ ისაუბრა, რათა გვარდიოლამ – რომელიც კონტრაქტს ყოველ წელს მხოლოდ 1 წლით ახანგრძლივებს – გააგრძელოს კატალონიურ კლუბში მუშაობა.
”ჩვენ ძალიან გვიყვარს გვარდიოლა და ვაფასებთ მას. ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია. ამას გარდა ის ნამდვილი კულეა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოლაპარაკების დროს მან ”არა” ვერ გვითხრას და გააგრძელოს კონტრაქტი, რომელიც მთავრდება 2012 წლის ივნისში”.
”გვსურს, რომ პუიოლი ჩვენი მალდინი გახდეს”
როსელს ასევე სურს, რომ კლუბის ერთ-ერთი ვეტარანი, კარლეს პუიოლი რაც შეიძლება დიდ ხანს დარჩეს მოედანზე. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაკვირვებული დარჩა კაპიტნის სიტყვებით, სადაც მან განაცხადა, რომ გასულ სეზონში ტრავმიანობის გამო კარიერის დასრულებაზე იფიქრა. ”მე მივხვდი, რომ კარლესი ტრავმის გამო ბევრს იტანჯებოდა. მას უყვარს ”ბარსა” და თავს მის ნაწილად თვლის. პუიოლი ყველაფერს მარტოდ განიცდიდა და ამის შესახებ მხოლოდ ახლა გვითხრა. ეს მას კიდევ უფრო დიდებულს ხდის. ის ჩვენი კაპიტანია. იმედი გვაქვს, რომ ”ბარსელონას” მალდინი გახდება. იმ დრომდე, სანამ მას თამაშის სურვილი ექნება ჩვენთან იქნება. კარლესი ბევრს აძლევს კლუბს – ის ლიდერია”.
შესაძლო ინტერესი ნეიმარისადმი
როსელმა ასევე ნეიმარის მიმართ შესაძლო დაინტერესების შესახებ ისაუბრა, რომლის შეძენის პრეტენდენტი მადრიდის ”რეალია”. ”პრაქტიკულად ნებისმიერი ფეხბურთელი შეიძლება შეიძინოს ”ბარსელონამ” იმ მომენტში, როცა სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა ამას საჭიროდ ჩათვლის”.
ტრავმების შესახებ
”ტრავმების ასეთი რაოდენობა ნორმალურია. განსაკუთრებული არაფერი ხდება. სტატისტიკით შარშან ასეთივე რაოდენობის ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა. ჩვენი ფეხბურთელები მაქსიმალურად იხარჯებიან მოედანზე. ასევე გუნდს აქვს რეზერვი, რომლის გამოყენება ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია”.

