კვირა დღე იყო. ერთი ჟურნალისტი თავის კაბინეტში იჯდა და გაფაციცებით შესცქეროდა საათს. მას ხომ დღეს ორ დიდ ადამიანთან, ორ დიდ ფეხბურთელთან ჰქონდა შეხვედრა: ფრანსუასთან და მიქელანჯელოსთან. გუშინ მათ ერთ-ერთ წვეულებაზე შეხვდა და ინტერვიუს ჩაწერაზე დიდი ხანი ხვეწნის შემდეგ დაითანხმა. ხოდა 5 საათზე დაიბარა ორივე თავის ოფისში. კალამი და ფურცელი მაგიდაზე იდო. ნათურა ფარდებით ჩაბნელებულ ოთახს კარგად ანათებდა. ერთადერთი რაც აკლდა ამ ყველაფერს, იყო ფრანსუა და მიქელანჯელო…
-რით ვერ მოვიდნენ, არადა 5 საათზე დავიბარე, უკვე 6-ის 15 წუთია. ხომ არ “გადამაგდეს”? არა, მეც მაგარი ვარ რა, ისეთი ხალხი, როგორიც ისინი არიან როგორ მომატყუებდნენ? ნამდვილად რაღაც პრობლემა შეექმნათ ალბათ და მაგიტომ არ ჩანან…ოოოო, უკვე ვნერვიულობ. ამდენი ხნით დაგვიანება გაგონილა, კაცო? ალბათ ძალიან შევაწუხე და მითხრეს მოვალთო, რათა თავიდან მოვეშორებინეთ, ახლა კი რომელიმე ბარში ან კლუბში ერთობიან. პრინციპში მათ ახლა დასვენება ურჩევნიათ, ვიდრე ვიღაც-ვიღაცეებთან მისვლა და ყბედობა ფეხბურთზე… მობრძანდით, მობრძანდით, უკვე ნამდვილად აღარ გელოდით. აგერ დაბრძანდით. არ მეგონა ასე თუ დაიგვიანებდით…
-ხო, რავიცი აბა, სულ ამის ბრალია…
-კარგით, კარგით არაუშავს, ვის არ მოსვლია. დავიწყოთ. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ფეხბურთელი? ფრანსუა, თქვენ მოგვახსენეთ პირველმა თუ შეიძლება.
-მაპატიეთ მაგრამ ძალიან უაზრო შეკითხვაა. ნამდვილი ფეხბურთელი უნდა იყოს ტექნიკური, სწრაფი…და რავიცი, უნდა ქონდეს ისეთი თვისებები, როგორიც მართლა ნამდვილ ფეხბურთელს.
-პასუხი კი გაეცით და, უაზრო რანაირადღაა? მიქელანჯელო, თქვენ რას გვეტყვით?
-ჩემს კოლეგას დავეთანხმები და ერთს დავამატებ: მოთამაშე ცხოვრებაშიც ისეთივე სუფთა უნდა იყოს, როგორიც ამ სპორტში.
-რაო რა თქვი?
-ხო, ხო, სწორად გაიგე. აბა სულ არ მინდა ვიყო საუკეთესო ფეხბურთელი და სტადიონს გარეთ ყველა ნარკომნად მთვლიდეს. გოლის გატანა და ბურთისთვის ფეხის გადატარება არ კმარა იმ ჩირქის მოსაშორებლად, რომელიც მოცხობილი გაქვს…
-გაჩერდი, საკმარისია. მთავარია შენი თამაშით გაახარო გულშემატკივარი, თორემ შენს ცხოვრებაში რა ხდება არავის საქმე არაა.
-კი, მაგრამ ხალხი ხომ ხედავს ვინც ხარ. რამდენიც გინდა ილაპარაკე, ყველამ ყველაფერი იცის.
-ვერა და ვერ შევიდა მაგ შენს გამოტვინებულ თავში, მთავარია ფეხბურთს თამაშობდე კარგად, სტადიონს გარეთ კი ჯანდაბამდეც გზა გქონია.
-იდიოტი ხარ. იდიოტი და ნარკომანი.
-ცილს მწამებ, ნარკომანს მეძახი, მაგრამ ისევ ნარკომნობა მირჩევნია შენნაირ ბოროტ და ბოღმა ადამიანად ყოფნას. შენ საუკეთესო ხარ, შენზე კარგი ფეხბურთელი ჯერ არ დაბადებულა-აი რისი გაგონება გინდა. ცდილობ, ყველა, ვისაც შეატყობ, რომ ამ სპორტში რაღაც ესმის, სხვადასხვა გზით დაამცირო და დააპატარავო ხალხის თვალში. გარეწარი ხარ და მეტი არაფერი.
-შური გალაპარაკებს უგუნურო. მართლა იცი, რომ საუკეთესო ვარ და გშურს.
-კარგი, გეგონოს ეგრე. ხალხი ყველაფერს ხვდება ვინ ვინ არის.
-კი, ყველამ იცის შენი ნარკომნობის ამბავი…
გაოგნებულმა და გაცოფებულმა ჟურნალისტმა ვეღარ მოითმინა ეს უაზრო კინკლაობა და…
-საკმარისია! გაჩერდით ბოლოს და ბოლოს. ორივემ თქვენი დიდი კვალი დატოვეთ ფეხბურთში და არ არის საჭირო იმაზე დავა, თუ რომელი უფრო ძლიერი იყავით. აქ ამისთვის მოგიწვიეთ? უბრალოდ, როგორც გამოცდილ ხალხს, მინდოდა შეგკითხებოდით ამ სპორტის შესახებ. თქვენ კი, გამიმართეთ სცენები. შეგიძლიათ წახვიდეთ, აღარც თქვენი ინტერვიუ მინდა და არც არაფერი!
აი ასეთი გაწბილებული დარჩა ჩვენი ინტერვიუერი, რომელიც მხოლოდ იმას ცდილობდა გაეგო რას ფიქრობდნენ საუკეთესო ფეხბურთელები ამ სპორტის შესახებ. და რა შერჩა ბოლოს ხელში? ყვირილი და ჩხუბი. მიქელანჯელო და ფრანსუა კი ერთმანეთს ამაზრზენი თვალებით შესცქეროდნენ და ისე ტოვებდნენ ოთახს. ვინ იცის კარს იქით რა მოხდა; შეიძლება ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ასე შერიგებულები გაუდგნენ თავ-თავიანთ გზას, ან პირიქით: კვლავ დავიდარაბა ატეხეს და ნაირ-ნაირი სიტყვებით იხსენიებდნენ ერთი-მეორეს. მაინც კი, დღემდე ვერ დამტკიცდა იმის პასუხი, რაზეც ეს ორი ფეხბურთელი დაობდა, თუ რომელი მათგანი იყო უკეთესი. მიქელანჯელოს ფეხბურთის მეფედ მოიხსენიებენ, ფრანსუას კი ფეხბურთის ღმერთად…
პ.ს. მემგონი ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს ვინ არის მიქელანჯელო და ვინ არის ფრანსუა 🙂
