კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა ისაუბრა მადრიდის “რეალზე” და მათ მწვრთნელ, ჟოზე მოურინიოზე. შეგახსენებ, რომ ესპანელი ფეხბურთელი პორტუგალიელ სპეციალისტს დიდი ხანია იცნობს (ადრე იგი “ბლაუგრანაში” თარჯიმნად მუშაობდა). ჩავიმ ასევე კომენტარი გააკეთა “თეთრების” მეკარე, იკერ კასილიასზე და თქვა, რომ მასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.
“არ შემიძლია ვისაუბრო მოურინიოზე და მის ხასიათებზე, რადგან ის არასოდეს ყოფილა ჩემი მწვრთნელი. მართალია, დიდი ხნის წინ მუშაობდა ჩვენთან, ასწავლიდა რაღაც რაღაცეებს ფეხბურთელებს, მაგრამ ჩემი დამრიგებლის როლი მას არასოდეს შეუსრულებია. რაც შეეხება კასილიასს, მასთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს. ერთმანეთს ხშირად ვუკავშირდებით და ვსაუბრობთ ესპანეთის ნაკრების მდგომარეობაზე და ასევე პირად ცხოვრებაზეც. “რეალზე” და “ბარსაზე” არასოდეს გვილაპარაკია, რადგან ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ.” –ციტირებს ჩავის სიტყვებს მადრიდული გამოცემა Marca.
