წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 5 ნოემბერს მოხდა.
თამაშები
5 ნოემბერს “ბარსელონამ” 18 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1933 წელი
“ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად “რეალ ოვიედოსთან” 3-7 წააგო. კატალონიელები მე-14 წუთისთვის 2-0 იგებდნენ, მაგრამ მეტოქემ შვიდი გოლი გაიტანა. “ბარსელონას” მხრიდან ორჯერ მარტი ვენტოლრამ გაიტანა, ერთი გოლი კი მირანდას ანგარიშზე იყო.
ეს მატჩი ისტორიაში შევიდა, როგორც “რეალ ოვიედოს” დებიუტი ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში. მასპინძელთა თავდამსხმელმა ისიდრო ლანგარამ ჰეთ თრიქი შეასრულა.
1938 წელი
არგენტინის ქალაქ როსარიოში დაიბადა სესარ ლუის მენოტი, რომელიც 1983-1984 წლებში “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი იყო. მან გუნდთან ერთად მოიგო ესპანეთის თასი, ესპანეთის ლიგის თასი და ესპანეთის სუპერ თასი. მენოტი განსაკუთრებით ცნობილი იყო არგენტინის ნაკრებთან ერთად 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით. იგი 2024 წლის 5 მაისს გარდაიცვალა.
1945 წელი
მადრიდში დაიბადა ხოსე ლუის რომერო, რომელიც 1983 წელს მცირე ხნით ხელმძღვანელობდა “ბარსელონას”. უდო ლატეკის გათავისუფლების შემდეგ მან მთავარი მწვრთნელის მოვალეობა მხოლოდ ერთი მატჩით შეასრულა, სანამ გუნდის სათავეში სესარ ლუის მენოტი მოვიდოდა.
1950 წელი
“ბარსელონამ” ოფიციალურად გამოაქვეყნა განცხადება ახალი სტადიონისთვის მიწის შეძენის საკითხზე კლუბის წევრთა რეფერენდუმის გამართვის შესახებ.
ხელმძღვანელობა განმარტავდა, რომ “ლეს კორტსის” გაფართოების შესაძლებლობები თითქმის ამოწურული იყო. შესაძენი მიწის ღირებულება 10 029 945 პესეტას შეადგენდა. რეფერენდუმი 8-12 ნოემბერს გაიმართა და კლუბის შემდგომ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ამ პროცესმა საფუძველი შეუქმნა მომავალი “კამპ ნოუს” მშენებლობას, რომელიც 1957 წელს გაიხსნა.
1961 წელი
ესპანეთის ჩემპიონატში “ბარსელონამ” “ატლეტიკო” 5-1 დაამარცხა. სტუმრები მე-9 წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ კატალონიელებმა მატჩის მიმდინარეობა მთლიანად შეცვალეს.
ევარისტომ ჰეთ თრიქი შეასრულა, თითო გოლი კი ჩუს პერედამ და ხოსე ანტონიო სალდუამ გაიტანეს. პერედასა და სალდუასთვის ეს “ბარსელონას” მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში პირველი გოლები იყო.
1966 წელი
სეუტაში დაიბადა მოჰამედ ალი ამარი, ცნობილი როგორც ნაიმი. იგი “ბარსელონას” ახალგაზრდულ სისტემაში აღიზარდა და 1986-1988 წლებში პირველი გუნდის შემადგენლობაშიც თამაშობდა.
ნაიმმა “ბარსელონასთან” ერთად 1988 წელს ესპანეთის თასი მოიგო. მოგვიანებით, 1995 წელს, მან “სარაგოსას” მაისურით თასების მფლობელთა თასის ფინალში “არსენალს” დამატებითი დროის ბოლო წუთზე გადამწყვეტი გოლი გაუტანა.
1974 წელი
ჩემპიონთა თასის მერვედფინალის საპასუხო მატჩში “ბარსელონამ” “ფეიენორდი” 3-0 დაამარცხა. სამივე გოლი კარლეს რეშაკმა გაიტანა, საგოლე შეტევების ორგანიზებაში კი გადამწყვეტი როლი იოჰამ კრუიფმა შეასრულა.
როტერდამში პირველი შეხვედრა 0-0 დასრულდა, ამიტომ “კამპ ნოუზე” მოპოვებული გამარჯვებით კატალონიელები მეოთხედფინალში გავიდნენ. “ფეიენორდი” იმ დროისთვის ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იყო, რომელსაც ჩემპიონთა თასი 1970 წელს ჰქონდა მოგებული.
1980 წელი
უეფას თასის (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) 1/16 ფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონა” გერმანულ “კიოლნთან” საკუთარ კედლებში 0-4 განადგურდა.
1997 წელი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე კიევის “დინამოსთან” 0-4 დამარცხდა. 21 წლის ანდრeი შევჩენკომ პირველ ტაიმში ჰეთ თრიქი შეასრულა, მეოთხე გოლი კი სერგეი რებროვმა გაიტანა.
ლუის ვან გაალის გუნდმა სამი კვირით ადრე კიევში 0-3 წააგო, რის შედეგადაც უკრაინულმა კლუბმა ორ შეხვედრაში კატალონიელებს შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა. “კამპ ნოუზე” განცდილი 0-4 დღემდე “ბარსელონას” ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ევროპულ მარცხად რჩება.
2014 წელი
“აიაქსთან” 2-0 მოგებულ შეხვედრაში დუბლის შესრულებით ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს, რაულ გონსალესს გაუთანაბრდა. იმ მომენტისთვის ორივეს ანგარიშზე 71 გოლი იყო.
ეს ჩავისთვის ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული 150-ე თამაში იყო, ხოლო ლუის სუარესისთვის “ბარსელონას” მაისურით ამ ტურნირზე გამართული პირველი მატჩი.
2019 წელი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” პრაღის “სლავიას” დაუზავდა – 0-0. კატალონიელებმა მეტოქის დაცვა ვერ გაარღვიეს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო წაუგებელი სერია 34 მატჩამდე გაზარდეს. ეს იყო 30 გამარჯვებისა და ოთხი ფრისგან შემდგარი სერია.
ამ შეხვედრაში სერხიო ბუსკეტსმა “ბარსელონას” მაისურით 549-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა და კლუბის ისტორიულ რეიტინგში მიგელს გაუთანაბრდა.
2022 წელი
“ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატში “ალმერია” 2-0 დაამარცხა, თუმცა შეხვედრის მთავარი მოვლენა ჟერარ პიკეს გამოსამშვიდობებელი მატჩი იყო.
გოლები უსმან დემბელემ და ფრენკი დე იონგმა გაიტანეს. პიკე ძირითად შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს. “კამპ ნოუზე” შეკრებილმა გულშემატკივრებმა კლუბის ლეგენდა ხანგრძლივი ოვაციებით გააცილეს.
ეს პიკეს ბოლო ოფიციალური მატჩი აღმოჩნდა. მან “ბარსელონაში” 14-წლიანი კარიერის განმავლობაში 30 ტიტული მოიგო, მათ შორის სამჯერ ჩემპიონთა ლიგა.
2025 წელი
ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-4 ტურში “ბარსელონა” ბელგიაში “ბრიუგეს” დაუზავდა – 3-3.
მასპინძლები სამჯერ დაწინაურდნენ და კატალონიელებმა სამჯერვე გაათანაბრეს ანგარიში. “ბარსელონას” მხრიდან გოლები ფერან ტორესმა და ლამინ იამალმა გაიტანეს, მესამე კი ქრისტოს ცოლისის ავტოგოლი იყო.
მასპინძელთა მხრიდან ნიკოლო ტრესოლდიმ ერთხელ, კარლოს ფორბსმა კი ორჯერ გაიტანა. მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ “ბრიუგეს” ბოლო წუთებზე გატანილი გამარჯვების გოლიც გააუქმა, რადგან რომეო ვერმანტმა მეკარე ვოიცეხ შჩესნის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია.
იმავე შეხვედრაში პაუ კუბარსიმ ჩემპიონთა ლიგაზე მე-20 მატჩი ჩაატარა. ის ტურნირის ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 19 წლის შესრულებამდე ამ ნიშნულს მიაღწია.
კუბარსი იმ დღეს 18 წლისა და 287 დღის იყო. მანამდე ეს შედეგი მხოლოდ ლამინ იამალსა და უორენ ზაირ-ემერის ჰქონდათ დაფიქსირებული.
ახალგაზრდა მცველი “ბრიუგესთან” მატჩის მიწურულს მოედანზე ერიკ გარსიას ნაცვლად შევიდა.




2021 წელი.
ჩავიმ სამი პირველი მოთხოვნა წაუყენა ბარსას.