კორონავირუსის გამო, კატალონიასა და მთლიანად ესპანეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, პარასკევს კი, “ბარსელონას” პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ კლუბმა ყველა სპორტული ღონისძიების გადადების გადაწყვეტილება მიიღო – “ბარსას” სავარჯიშო მოედანზე სესიები აღარ ტარდება, მატჩები კი, სულ მცირე, აპრილის დასაწყისამდე არ იქნება.
დაახლოებით 100 წლის წინ, ესპანეთში განსაკუთრებით საშიში პანდემია მძვინვარებდა, რომელმაც, სხვადასხვა ცნობების მიხედვით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ზომები მაშინაც მიიღეს, მაგრამ “ბარსას” მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ჟოან გამპერმა, თამაშების გადადება საჭიროდ არ ჩათვალა – ფეხბურთს ხომ დახურულ სივრცეში არ თამაშობდნენ.

1918 წლის ოქტომბერში კატალონიის ჩემპიონატი დაიწყო.
ამ დროს, სიტუაცია ასეთი იყო – 17 ოქტომბერს, მხოლოდ ბარსელონაში 207 ადამიანი დაიღუპა, მომდევნო დღეს კი ეს რიცხვი 289-მდე გაიზარდა (Marca).
ქალაქის გუბერნატორმა შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა: “დღევანდელი საფეხბურთო მატჩები არ ჩატარდება, თეატრები, კინოთეატრები და შეკრების სხვა ადგილები დაიხურება, საჯარო ჰიგიენის ზომები კი დიდი მასშტაბით იქნება მიღებული”.
თუმცა, გამპერის თაოსნობით, კატალონიურმა საფეხბურთო კლუბებმა მოახერხეს იმის “დამტკიცება”, რომ ფეხბურთისთვის გულშემატკივრების შეკრება არანაირ რისკს არ წარმოადგენდა, ესპანეთის ჯანმრთელობის მინისტრმა კი მათ მატჩების ჩატარების უფლება მისცა.

